ეროვნულ გალერეაში მომხდარი სკანდალის გამო გამოფენა ნაადრევად იხურება

Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა იუწყება, რომ მხატვარ სანდრო სულაბერიძესთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, რომელმაც მუზეუმის კედლიდან საკუთარი ნახატი მოხსნა და მის ადგილზე წარწერა დატოვა, გამოფენა „ავტოპორტრეტი სარკესთან“ დაგეგმილზე ადრე დასრულდება.
ჯგუფურმა გამოფენამ „ავტოპორტრეტი სარკესთან“, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც იყო სულაბერიძე, XIX საუკუნიდან დღემდე სხვადასხვა თაობის 41 ქართველი მხატვრის ნამუშევრები გააერთიანა. ღონისძიება 4 თებერვალს დაიწყო და 12 მარტამდე უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ 20 თებერვალს დასრულდება.

„მხატვარ სანდრო სულაბერიძის მიერ საგამოფენო დარბაზში კედლის დაზიანებისა და თავისი ნახატის ჩამოხსნისა და შეუთანხმებლად გატანის ფაქტის შემდეგ, სოლიდარობის მიზნით, რვა მხატვარმა ასევე მოისურვა ექსპოზიციიდან თავიანთი ნამუშევრების ამოღება, რაც, კულტურის ცენტრ ATINATI’S-სა და ეროვნულ გალერეას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, შეუძლებელია“, – ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.

დააპატიმრებენ თუ არა მხატვარს - მის საქციელს ეხმაურებიან პრეზიდენტი და დეპუტატები >>
მიუხედავად ამისა, ეროვნული გალერეა ყველა მხატვარს გამოსავალს სთავაზობს – გამოფენა „ავტოპორტრეტი სარკესთან“ დასრულდეს 20 თებერვალს, 12 მარტის ნაცვლად, და გაიხსნას სხვა, მომდევნო გამოფენა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეროვნულმა გალერეამ, ქვეყნის ერთ-ერთმა პირველმა საგამოფენო სივრცემ ზოგიერთ ნაკლებად ცნობილ მხატვარს პირველად მისცა შესაძლებლობა, წარმოეჩინა თავისი ხელოვნება, რასაც მანამდე მუზეუმის საგამოფენო პოლიტიკა არ ითვალისწინებდა.

„სწორედ მხატვრების მიმართ სახელმწიფოს ასეთი მხარდაჭერა ემსახურება ხელოვნების თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. დასანანია, რომ ზოგიერთმა მხატვარმა ეს შესაძლებლობა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა“, – აღნიშნავენ ადმინისტრაციაში.

მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ საქართველოს ეროვნულ გალერეაში გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ გახსნაზე კედლიდან თავისი სურათი ჩამოხსნა და მის ადგილზე ვარდისფერი საღებავით გააკეთა წარწერა – „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“. ინციდენტის გამო გალერეა ოთხი დღით დახურეს.
კვირას, 12 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ სულაბერიძის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მხატვრის მხარდასაჭერად თბილისში საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები შეიკრიბნენ, მობილიზებული იყო პოლიცია.
იმავდროულად, ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის ერთი ნორვეგიული, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მხატვრის სისხლისსამართლებრივი დევნა და აღნიშნავენ, რომ მშვიდობიანი პერფორმანსის სისხლისსამართლებრივი დევნა დაუშვებელია.
მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ მხატვრის დაპატიმრებას არავინ აპირებს.