თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. მინერალური წყლის კომპანია „საირმის" (შპს "საირმე მინერალ ვოთერსის") ქარხნის თანამშრომლებმა გამოაცხადეს უვადო გაფიცვა მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები - ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა, ქარხანა გამართულად ფუნქციონირება და ხელფასების გაზრდა.
ორშაბათს „საირმის“ ქარხანასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მონაწილეებმა ხელფასების 30%-ით გაზრდა მოითხოვეს. მათი თქმით, ქარხანაში ანტისანიტარიაა, მწყობრიდან არის გამოსული გაყვანილობა, ლიფტი, სველი წერტილები. გარდა ამისა, ქარხანაში გათბობა არ არის.
„მიუხედავად მედიაციის პროცესისა, შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, შესაბამისად, მოხდა კანონიერი გაფიცვა. გაფიცვა გაგრძელდება მანამ, სანამ დასაქმებულთა შრომითი უფლებები და სხვა სამართლიანი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება", -განაცხადა აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის (LABOR) თავმჯდომარემ, გიორგი დიასამიძემ.
მისი თქმით, ყველა თანამშრომელი გაფიცულია და საწარმო პარალიზებულია. მენეჯმენტი ცდილობს გაფიცული თანამშრომლების ჩანაცვლებას სხვა ადამიანებით, რათა მუშაობა გაგრძელდეს, მაგრამ უშედეგოდ.
აქციის მონაწილეებმა კომპანიის მენეჯმენტი ქარხნის განზრახ გაკოტრებასა და გაპარტახებაში დაადანაშაულეს და ამიტომ შპს „საირმე მინერალ ვოტერსის“ (Sairme Mineral Waters) დამფუძნებლებთან შეხვედრა მოითხოვეს.
შპს „საირმე მინერალ ვოტერსი“ აწარმოებს „საირმის“ ბრენდით გაზიან მინერალურ და არაგაზირებულ წყაროს წყალს, ასევე არაგაზირებულ წყაროს წყალს „ნაკადულს“. კომპანიის ვებსაიტზე ნათქვამია, რომ კომპანიის პროდუქციის ექსპორტი 17 ქვეყანაში ხორციელდება.
„საირმის“ მინერალური წყლის პირველი ქარხანა 1944 წელს გაიხსნა.