თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები და შედეგად ბიუჯეტი გაიზრდება 33 მილიონი ლარით, რაც ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, განათლების, ასევე ახალგაზრდობისა და სპორტის მხარდაჭერის სხვადასხვა პროგრამებს მოხმარდება.
ცვლილებების შედეგად ბათუმის ბიუჯეტი 318 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ბათუმის მთავარი საფინანსო დოკუმენტის დეტალებზე ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ედნარ ნატარიძემ ისაუბრა.
თანხა ძირითადად განკუთვნილია ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის – 33 მილიონიდან 27,6 მილიონი ლარი.
ახალი ვარიანტის თანახმად, სულ ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯება 124 მილიონი ლარი, რომელიც განაწილდება 20-ზე მეტი ხიდის მშენებლობაზე (აქედან 12 ხიდის – გაზრდილი ბიუჯეტის წყალობით), 38 ლოკაციაზე ატრაქციონების მშენებლობასა და ასევე 100 მისამართზე სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე.
ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტი 206 ათასი ლარით გაიზარდა.
ბათუმის სპორტულ ცენტრში ქალთა ფეხბურთის განვითარებისთვის 165,5 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი.