ქვეყანაში იზრდება სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა

გასულ წელს დაფიქსირდა 578 მსგავსი დანაშაული, რომელთაგან გახსნილია მხოლოდ 69,6%.
Sputnik
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. 2022 წელს სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,06%-ით გაიზარდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მასალებში.
უწყების ცნობით, 2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში დაფიქსირდა 578 მსგავსი დანაშაული, რომელთაგან გახსნილია 69,6%.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში გაუპატიურების ფაქტები, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,5%-ით გაიზარდა და 176 შემთხვევა შეადგინა. აქედან გახსნილია 123 საქმე..
გაუპატიურების ფაქტებმა პიკს 2022 წლის ივნისში მიაღწია – დაფიქსირდა 23 შემთხვევა.
შსს-ს მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში 16 წლამდე ასაკის პირთან სექსუალური კონტაქტის 155 და გარყვნილი ქმედების 118 ფაქტი დაფიქსირდა.
საქართველოს პროკურატურის მონაცემებით, 2022 წელს სხვადასხვა სექსუალური დანაშაულებისთვის ბრალი 376 პირს წარედგინა. გაუპატიურების ფაქტში დამნაშავედ 129 პირი ცნეს, ხოლო 16 წლამდე პირთან სექსუალური ურთიერთობისა და გარყვნილი ქმედებისთვის ბრალი წარედგინა 96 პირს.