თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრების ღმერთის გარეშე მოწყობას გეგმავს, აუცილებლად მივა გაკოტრებამდე და სიცარიელემდე, ამის შესახებ განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) დღევანდელი ქადაგებისას.
უძღები შვილის კვირა არის მეორე იმ ოთხი კვირიდან, რომელიც სააღდგომო მარხვის მოსამზადებელ წინაპერიოდს წარმოადგენს. პირველი იყო კვირა მეზვერისა და ფარისევლისა, მესამე - ყველიერის კვირა - ხსენება საშინელი სამსჯავროსი და ბოლო კვირიაკე (კვირა დღე) - მიტევებისა და ადამის სამოთხიდან განდევნისა. უძღები შვილის იგავი მოგვითხრობს ადამიანზე, რომელსაც ორი ვაჟი ჰყავდა. უმცროსმა მამას თავისი წილი ქონება სთხოვა და უცხო ქვეყანაში გაფლანგა, შემდეგ კი უმძიმესი გაჭირვება გამოიარა.
„რას გვეუბნება ჩვენ სახარება? ადამიანი, რომელიც ღმერთის გარეშე გეგმავს და ფიქრობს თავისი ცხოვრების მოწყობას, აუცილებლად, საბოლოოდ, მივა ამ გაკოტრებამდე, სიცარიელემდე, დაანგრევს თავის ცხოვრებას, რისი მომსწრენიც ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო, არაერთხელ ვყოფილვართ“, - ბრძანა მეუფე შიომ.
მისი თქმით, ადამიანებმა უნდა გამოიტანონ გაკვეთილი უძღები შვილის იგავიდან და გაიაზრონ, რომ მხოლოდ შორეულ ქვეყანაში თუ მიხვდება ადამიანი, რაში მდგომარეობს სინანულის არსი და რა არის ქრისტიანობა.
„აი, უცებ ადამიანი ამას აცნობიერებს, რამდენი რამ მომცა მე ღმერთმა. პირველ რიგში, რა მოგვცა ჩვენ უფალმა? მოგვცა თავის ძეში, უფალ იესო ქრისტეში ახალი ცხოვრება, მარადიული ცხოვრება, სასუფეველი, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში. ჩვენ მოგვმადლა უფალმა ღმერთის შეცნობის შესაძლებლობა და აი, ამ შეცნობაში ის, რომ ვიწოდოთ ღმერთის შვილებად, მოსიყვარულე შვილებად“, - ბრძანა მეუფე შიომ.
მეუფე შიომ მოუწოდა მრევლს, უკეთესობისკენ შეცვალონ თავისი ცხოვრება, როგორც ეს გააკეთა უძღებმა შვილმა, რომელმაც გაიაზრა, რომ არ უცხოვრია ისე, როგორც ღმერთის შვილს უნდა ეცხოვრა, იგი გონს მოეგო და მამის სახლში სიხარულით დაბრუნდა.