თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. ქალაქ ჭიათურაში ხორციელდება ფართომასშტაბიანი გარემოსდაცვითი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მდინარე ყვირილას შლამისგან გაწმენდას.
ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, რომელსაც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ახორციელებს, მდინარის კალაპოტიდან ათწლეულების განმავლობაში დალექილი შლამები ამოაქვთ.
სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში ყვირილას კალაპოტიდან უკვე ამოღებული და დასაწყობებულია დაახლოებით 15 ათასი ტონა შლამი, რომელსაც მომავალში ეკოლოგიური დანიშნულება ექნება.
მდინარის გაწმენდის პირველი ეტაპი თებერვლის ბოლოს დასრულდება, მეორე ეტაპი კი აგვისტოში დაიწყება.
შლამი გავრცელებული მასალაა, რომელიც ტალახის 45%-ს შეადგენს. გვხვდება მრავალი მდინარის დელტაში და ქარის შედეგად გროვების სახით. იგი წარმოიქმნება როგორც ძალიან ცხელ კლიმატში (ისეთი პროცესების შედეგად, როგორიცაა კვარცის მარცვლების შეჯახება მტვრის ქარიშხლების დროს), ასევე ძალიან ცივ კლიმატში (ისეთი პროცესების შედეგად, როგორიცაა კვარცის მარცვლების მყინვარული მტვრევა).
Georgian Manganese Holding ქვეყანაში მანგანუმის მადნის მთავარი მომპოვებელია. ის ფლობს 11 მაღაროსა და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას. კომპანიაში 3,5 ათასი ადამიანია დასაქმებული.
იგი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა საქართველოში, რომლის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო–გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005“, კლინიკა „ფერომედი“. კომპანია მაღალი ხარისხის ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. პროდუქცია გადის რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება ოთხ საბადოზე ძველი ტექნოლოგიით, ცხრა მიწისქვეშა გამონამუშევრებში და შვიდ ღია კარიერზე.