თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ნიკოლოზ სახლთხუციშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ბრალდებულს გამოძიება განზრახ მკვლელობას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.
სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს, რომ სახლთხუციშვილის მხრიდან მიმალვის საფრთხე არ არსებობდა და 3.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლება ითხოვა, თუმცა მოსამართლემ გაითვალისწინა პროკურატურის მხრიდან წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
როგორც საქმის პროკურორმა გიორგი ღონღაძემ განაცხადა, ბრალდებულმა მეგობარი, გოჩა ჯერენაშვილი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.
შემთხვევა 9 თებერვალს მარტყოფში, ღვთისმშობლის ეკლესიის მიმდებარედ მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენა. მიღებული ჭრილობების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“