თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის მიერ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი თბილისში თურქეთის საელჩოს გადაეცა, ნათქვამია უწყების მერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაზარალებულებისთვის პროდუქტებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად დეპუტატებმა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა თანხა სპეციალურად გახსნილ სახაზინო ანგარიშზე შეაგროვეს.
პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ჰუმანიტარულ ტვირთზე დაიხარჯა ასევე 2022 წლის დეკემბერში არასაპატიო გაცდენების გამო, დეპუტატებისთვის დაქვითული თანხაც.
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა სემეკმაც.
„სემეკი თანადგომას უცხადებს დაზარალებულებს. სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია გამოთქვამს მზადყოფნას, დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულ მოსახლეობას, თურქეთის კოლეგა უწყების თანამშრომლებს აღმოუჩინოს დამატებითი დახმარება და მხარდაჭერა“, -აღნიშნულია უწყების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოდან თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამისი ტექნიკა და 100 მაშველი გაიგზავნა.
გარდა ამისა, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თურქეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად 1 მლნ ლარი გამოიყო.
თანხა გადაირიცხება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშზე, რომელიც შეისყიდის მედიკამენტებს, კვების პროდუქტებს, ტანსაცმელს, სამედიცინო აღჭურვილობასა და სხვა აუცილებელ ნივთებს მიწისძვრით დაშავებულებისთვის.
6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში ორი ძლიერი – 7,8 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრები მოხდა, რასაც უზარმაზარი ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, ორივე ქვეყანაში დაიღუპა დაახლოებით 24 ათასი ადამიანი, აქედან 20.665 - თურქეთში. ქვეყანაში უწყვეტად მიმდინარე საძიებო-სამაშველო სამუშაოების შედეგად გადარჩენილია 80.088 ადამიანი, ევაკუირებულია - 92.697.