თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ უკვე წარუდგინა პარლამენტს ცვლილებები კანონში „საპარტნიორო ფონდს შესახებ“, რომლის თანახმადაც მას სახელწოდება ეცვლება და „საქართველოს განვითარების ფონდი“ ერქმევა. ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.
„საპარტნიორო ფონდი“ არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, დაფუძნებული 2011 წელს. მისი საქმიანობის მთავარი მიმართულება საქართველოში საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით ინვესტირების წახალისებაა.
კანონპროექტის თანახმად, ფონდის მიზნები ზუსტდება და ფართოვდება.
კერძოდ, ფონდის მიზნები იქნება: კომერციულად მდგრადი პროექტების განხორციელება, მოგების ფინანსური აქტივების გაზრდა; საქართველოს პოტენციალის ათვისება; ადგილობრივი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა სტრატეგიულ ეკონომიკურ სექტორებში საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად ფულადი და არაფულადი თანამონაწილეობის გზით; ახალი პროექტების შემუშავება ან დაფინანსება; განხორციელებულ პროექტებში არსებული თავისი კუთვნილი წილის/აქციების განკარგვა.
კანონპროქტში აღნიშნულია, რომ უნდა განისაზღვროს ფონდის ვალდებულება, 100%-ით გამოვიდეს განხორციელებული პროექტებიდან.
ასევე, უნდა განხორციელდეს ფონდის მმართველობის სტრუქტურის ოპტიმიზაცია. კერძოდ, სამეთვალყურეო საბჭო დაკომპლექტდეს მთავრობის წარმომადგენლების გარეშე და, შესაბამისად, ახალმა სამეთვალყურეო საბჭომ შეითავსოს საინვესტიციო საბჭოს ფუნქციები.
„საპარტნიორო ფონდის“ სტრუქტურის განახლების შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ ჯერ კიდევ 2021 წელს მიიღო. გადაწყდა, რომ სახელმწიფო გავა „საპატრნიორო ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოდან და ის დაკომპლექტდება დამოუკიდებელი პირებით, რაც ფონდს მეტ მოქნილობას მისცემს იმისათვის, რათა განავითაროს ეკონომიკის ის დარგები და მიმართულებები, რომლებიც დღეისათვის ინვესტიციებს ნაკლებად იზიდავს, ან საერთოდ არ ფინანსდება.
როგორც ფონდში ადრე განაცხადეს, იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც ქვეყანაშია, ფონდისთვის პრიორიტეტული ექსპორტზე ორიენტირებული და მაღალტექნოლოგიური საწარმოების დაფინანსება უნდა გახდეს, რომელთა დაფინანსების წყაროებს ფონდი თავად მოიზიდავს.
„საპარტნიორო ფონდის“, როგორც უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტის რეფორმირება ეფექტიანი საინვესტიციო საქმიანობის განსახორციელებლად ფონდის საქმიანობის შესახებ კანონში მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს.
დღეისათვის ფონდის მიზანია თანამშრომლობის განვითარება საჯარო და კერძო სექტორებს შორის საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.
ფონდი ფუნქციონირებს ოთხ სექტორში – ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და უძრავი ქონების. ფონდის ფინანსური მონაწილეობა შემოიფარგლება პროექტის მთლიანი კაპიტალის 49%-ით და პროექტის ჯამური ღირებულების 25%-ით. დანარჩენი კაპიტალი სტრატეგიული ინვესტორის მიერ იფარება.
დღეისათვის „საპარტნიორო ფონდი“ მართავს რამდენიმე სახელმწიფო კომპანიას, მათ შორის, საქართველოს რკინიგზას, ნავთობისა და გაზის კორპორაციას, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას.