თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არის დისკრედიტირებული და მარგინალური ძალა, რომლის ქმედებებიც არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე 6 თებერვალს გახდა. უკვე 9 თებერვალს პარტიამ უარი თქვა პარლამენტში მუშაობაზე ბოიკოტის გამოცხადებით და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო.
„მათ აირჩიეს ახალი თავმჯდომარე, მათი ეს ყველა უსუსური მცდელობა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის ყოვლად გაკოტრებული, დისკრედიტირებული და მარგინალიზებული რადიკალური ძალა. რა თქმა უნდა, ჩემთვის არ არის საინტერესო არც მათი აქციები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხიც იგივე აზრისაა.
ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ქვეყნის გაძლიერებაზეა ორიენტირებული.
Существование "Нацдвижения" всего лишь иллюзия – оппозиционер>>
„ნაციონალურ მოძრაობას“ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი აფინანსებს, აცხადებენ მმართველ „ქართულ ოცნებაში“ და აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი პოლიტიკოსი ახლა უკვე ოლიგარქია.
კეზერაშვილმა, რომელიც საქართველოში დიდი ხანია არ ყოფილა, 2019 წელს დააფუძნა ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელიც ქვეყნის ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩევა.
2021 წელს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. კიდევ ორი საქმე განხილვის სტადიაშია - ეს საქმეები ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევას და მამა-შვილი ნიჟარაძეებისთვის ქონების წართმევას.
„ნაცმოძრაობის“ შიდაპარტიულ არჩევნებზე კეზერაშვილმა მხარი ხაბეიშვილს დაუჭირა.
მმართველი პარტია უკვე რამდენიმე თვეა „ნაცმოძრაობის“ დაშლას აანონსებს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ეს პარტია პოპულარობით მეორეა საქართველოში, თუმცა დიდად ჩამორჩება მმართველ პარტიას.
ბოლო დროს „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი 5%-მდე შემცირდა. სხვა ოპოზიციური პარტიების რეიტინგი 3%-ის ფარგლებში მერყეობს.