საქართველოდან თურქეთში გაემართა ავტომობილების კოლონა ჰუმანიტარული ტვირთით

ჰუმანიტარული დახმარების ტვირთს გამანაწილებელ ცენტრში მიიტანენ, ხოლო შემდეგ – უბედურების ზონაში.
Sputnik
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. საქართველოდან თურქეთში ხუთი სატვირთო ავტომობილი გაემგზავრა, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარებით არის დატვირთული, განაცხადა ჟურნალისტებთან თურქეთის ელჩმა საქართველოში ალი ქაან ორბაიმ.
თურქეთში 6 თებერვალს ორი ძლიერი – 7,8 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრები მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა დაახლოებით 19 ათასი და დაშავდა 75,5 ათასზე მეტი ადამიანი. დაინგრა 5,5 ათასზე მეტი შენობა.

„საქართველოს ოფიციალურ დახმარებასთან ერთად, ჩემ უკან არის სატვირთოები და ეს დახმარება ორგანიზებულია საქართველოში თურქეთის ბიზნეს-საზოგადოების მიერ. ეს აჩვენებს ჩვენი ქართველი ძმებისა და დების, აქ მყოფი თურქული საზოგადოების გულუხვობას“, – განაცხადა ორბაიმ ავტომობილების გამგზავრებამდე.

მისი თქმით, ხუთი სატვირთო ავტომობილი ტვირთს მიიტანს გამანაწილებელ ცენტრებში, საიდანაც მას გადაამისამართებენ იმ ადგილებში, სადაც უფრო ესაჭიროებათ დახმარება.
„საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ჩვენი დახმარების მზადყოფნა გამოთქვა. მან გაგზავნა 100 მაშველისგან შემდგარი ძალიან პროფესიონალი რაზმი, რომელიც ახლა ადიამანის პროვინციაში იმყოფება“, – განაცხადა ორბაიმ.
ქართველი მაშველები თურქეთში დაზარალებულთა დახმარებას აგრძელებენ>>
მისი თქმით, ქართველმა მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანი გადაარჩინეს და აქედან ერთი მაშველმა ძაღლმა გადაარჩინა.
„ჩვენ ვგრძნობთ, რომ საქართველო ამ კატასტროფის პირველივე დღიდან ჩვენ გვერდით დგას. ასე რომ, გულწრფელად მადლობელი ვარ საქართველოს მთავრობის, ქართველი ხალხის, თურქული დიასპორის, ჩვენი ქართველი მეგობრების, ქართველი ძმებისა და დების, რომლებიც არასდროს გვტოვებენ მარტო“, – განაცხადა ორბაიმ.
თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად საქართველოდან შესაბამისი ტექნიკა და 100 მაშველი გაიგზავნა.
გარდა ამისა, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თურქეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად 1 მლნ ლარი გამოიყო.
თანხა გადაირიცხება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშზე, რომელიც შეისყიდის მედიკამენტებს, კვების პროდუქტებს, ტანსაცმელს, სამედიცინო აღჭურვილობასა და სხვა აუცილებელ ნივთებს მიწისძვრით დაშავებულებისთვის.
თანხების შესაგროვებლად სპეციალური ფონდი შეიქმნა საქართველოს პარლამენტშიც. დეპუტატები თურქეთში კვების პროდუქტებისა და პირველადი საჭიროების აუცილებელი ნივთების გაგზავნას აპირებენ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს