ადვოკატი: პოლიციამ ესებუას ვაზნები ჩაუდო

ბრალდებულ ბადრი ესებუას საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი 20 თებერვალს, 15:00 საათზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ყოფილი სამხედრო ბადრი ესებუა, რომელსაც „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ედება ბრალად, ამტკიცებს, რომ სოფელ ჯიხაშკარში მისი დაკავებისას სახლიდან ამოღებული ვაზნები მას პოლიციამ ჩაუდო, განაცხადა ადვოკატმა იოსებ ჯანჯღავამ.
ესებუა 8 თებერვალს სამეგრელოს რეგიონის სოფელ ჯიხაშკარში, მისი ნათესავის ომიანე ჯიქიას სახლში დააკავეს. მას დაუსწრებლად ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის ოთხი მუხლით, რაც იძულებას, ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
საქართველოს პროკურატურამ ბადრი ესებუას 9 თებერვალს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ფაქტზე ახალი ბრალდება წარუდგინა. ამ შემთხვევაში საუბარია დაკავების დროს ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღსა და ვაზნებზე.
პროკურატურამ ბადრი ესებუას ბრალი კიდევ ერთი მუხლით წარუდგინა>>>
ადვოკატის თქმით, საქმეში მხოლოდ ორი მტკიცებულებაა – ხმის ნიმუში, რომელიც, გამოძიების მტკიცებით, ესებუას ეკუთვნის, და მეორე – ვაზნები, რომლებიც სოფელ ჯიხაშკარში ესებუას დაკავებისას სახლიდან ამოიღეს.
ადვოკატის მტკიცებით, ესებუას ორი წლის მანძილზე ქვეყანა არ დაუტოვებია, თუმცა გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მთელი ეს პერიოდი ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ჯიქიას ოჯახში იმალებოდა.
როგორც ადვოკატმა განმარტა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მიმალვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან ბანკიდან ნახევარი მილიონი დოლარი წაიღო და მასზე ნადირობა არა მარტო სამართალდამცველებს, არამედ სხვა პირებსაც შეეძლოთ გამოეცხადებინათ.

„აქედან გამომდინარე, მან თავი აარიდა გამოძიებას. შემდეგ მოხდა გაყალბებული მტკიცებულების საფუძველზე მისი ძმის დაკავება. სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ მას თავი აერიდებინა გამოძებისთვის", – განაცხადა ჯიქიამ.

ადვოკატი ასევე ამტკიცებს, რომ ბანკის ძარცვის დროს ბადრი ესებუა ზუგდიდში იყო. იმ ღამითაც სახლში იყო და მხოლოდ მეორე დღეს გახდა მისთვის ცნობილი, რომ მისი სახელი იყო საქმესთან დაკავშირებული.
ბრალდებულ ბადრი ესებუას საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი 20 თებერვალს, 15:00 საათზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.
ბანკზე თავდასხმა
„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა.
გამოძიების ცნობით, ნიღბიანი, ავტომატითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ესებუა ბანკის შენობაში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა.
როდის წარდგება სასამართლოს წინაშე ბადრი ესებუა>>>
მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მძევლების გათავისუფლება მოხდა, მათ სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. ფულის მიღების შემდეგ თავდამსხმელმა ავთანდილ გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. პოლიციის ავტომობილით დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ ესებუამ ავტომობილში ყველა კვალი წაშალა, შემდეგ აღნიშნულ პირებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, თავად კი მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა.
ვიდრე ბადრი ესებუა ძებნაში იყო, პოლიციამ მისი ძმა ბიძინა ესებუა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. 2021 წლის ივლისში მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ბიძინა ესებუა პოლიციამ 2020 წლის 4 დეკემბერს დააკავა. მისი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს ორი ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი, რომელიც მას, სავარაუდოდ, მისი ძებნილი ძმისთვის უნდა გადაეცა.