საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად 18 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
Sputnik
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთში მიწისძვრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.
ღარიბაშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს ალი ქაან ორბაის თანაგრძნობა პირადად გამოუცხადა.

„მინდა გამოვთქვა ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა და სამძიმარი თურქი ხალხისა და იმ ოჯახების მიმართ, ვინც ძვირფასი ადამიანები დაკარგა. ამ ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებს ვუსურვებთ ყოველივე საუკეთესოს და სწრაფ გამოჯანმრთელებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით თურქეთს სოლიდარობა გამოუცხადა.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 18.342 და დაშავდა 74.242 ადამიანი. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ.
პრეზიდენტმა ერდოღანმა ქვეყნის სამხრეთით მდებარე 10 ქალაქი კატასტროფის ზონად გამოაცხადა. თითოეულ მათგანში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა დაწესდა.
ქართველი მაშველები თურქეთში დაზარალებულთა დახმარებას აგრძელებენ>>>
თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად საქართველოდან შესაბამისი ტექნიკა და 100 მაშველი გაიგზავნა. ქართული სამაშველო ჯგუფი სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ქალაქ ადიამანში ატარებს.
ქართველი მაშველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებითა და მაშველი ძაღლებით.
გარდა ამისა, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თურქეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად ერთი მილიონი ლარი გამოიყოფა. თანხა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაერიცხება, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის მედიკამენტებს, საკვებს, ტანსაცმელს, სამედიცინო აღჭურვილობას და სხვა საჭირო ნივთებს შეისყიდის.
ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას თურქეთში საქართველოს ოთხი მოქალაქე ემსხვერპლა.