თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. თურქეთის პროვინცია კაჰრამანმარაშში, სადაც 6 თებერვლის პირველი დამანგრეველი მიწისძვრის ეპიცენტრი იყო, განადგურებული შენობების ნანგრევებში, სავარაუდოდ, ათობით ათასი ადამიანია მოყოლილი, აცხადებს თურქი სეისმოლოგი და ინჟინერ-გეოფიზიკოსი, პროფესორი ავგიუნ აჰმეთ ერჯანი.
სეისმოლოგის გამოთვლით, ქვეყნის ათ ქალაქში დანგრეული შენობების რაოდენობის ანალიზი აჩვენებს, რომ ნანგრევებში დაახლოებით 184 ათასი ადამიანია დარჩენილი.
„დაინგრა 6 ათასი შენობა... იქ მცხოვრები 192 ათასი კაციდან ნანგრევებიდან 8 ათასია ამოყვანილი. ჩამონგრეული შენობების ქვეშ 184 ათასი კაცი რჩება“, — ასკვნის ერჯანი.
ამასთან, მისი თქმით, ნანგრევებიდან ცოცხლად ამოყვანილთა გამოჯანმრთელების ალბათობა 25-დან ერთ კაცს შეადგენს, ხოლო სხვა გადარჩენილთა რაოდენობა მხოლოდ 5%-ია.
ვიდეოზე: მიწისძვრიდან 40 საათის შემდეგ ნანგრევებიდან ცოცხლად ამოყვანილი ახალშობილი
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის თქმით, რომელიც ამ დროისათვის კატასტროფის ზონაში იმყოფება, მიწისძვრების შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 8.574 ადამიანი, დაშავებულია 49.133 კაცი, დანგრეულია 6.444 შენობა.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელშიც თურქებთან ერთად მსოფლიოს სხვა არაერთი ქვეყნის მაშველებიც მონაწილეობენ, კვლავ გრძელდება.