თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გამოეხმაურა საერთაშორისო დახმარების შესახებ თურქეთის მოწოდებას და იქ სამაშველო ჯგუფი გაგზავნა. ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა ალი ქაან ორბაიმ განაცხადა.
6 თებერვალს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 60 მაშველისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი თურქეთში გაემგზავრა, ასევე გაიგზავნა შესაბამისი ტექნიკა.
დღეს ღონისძიებებში ჩართვის მიზნით თურქეთში საქართველოდან დამატებით 40-კაციანი სამაშველო ძალა გაემგზავრა, რომელიც უახლოეს პერიოდში შეუერთდება მეხანძრე-მაშველთა ძირითად ჯგუფს.
მაშველები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა და თურქეთის ელჩმა საქართველოში ალი ქაან ორბაიმ.
ელჩის განცხადებით, თურქეთი მადლიერია ქართველი ხალხის. მან საქართველოს ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენი ახლო მეგობარი, მეზობელი, სტრატეგიული პარტნიორი საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გამოეხმაურა საერთაშორისო დახმარების შესახებ ჩვენს მოწოდებას. ჩვენ საქართველოს მადლობლები ვართ თურქეთის მიმართ ნამდვილი სოლიდარობისა და მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის“, – განაცხადა ალი ქაან ორბაიმ.
ქართველი მაშველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებითა და მაშველი ძაღლებით.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის ბოლო მონაცემებით, 6 თებერვალს ორი მძლავრი მიწისძვრის (7,7 და 7,6 მაგნიტუდის) შედეგად თურქეთში მსხვერპლის რაოდენობამ 8,5 ათასს გადააჭარბა, დაშავდა დაახლოებით 50 ათასი.
მიწისძვრა თურქეთის პროვინცია კაჰრამანმარაშში დაფიქსირდა. საქართველოს სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები პირველ შემთხვევაში საქართველო-თურქეთის საზღვრიდან 616 კილომეტრში დაფიქსირდა, მეორე შემთხვევაში კი - 538 კილომეტრში.
მიწისძვრას თურქეთში საქართველოს სამი მოქალაქე ემსხვერპლა. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა დაღუპულების ოჯახის წევრებთან და თურქეთის შესაბამის უწყებებთან. თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ანკარაში და გენერალურ საკონსულოებს სტამბულსა და ტრაპიზონში.