„საქართველო საუკეთესო ფორმაშია": პაპუაშვილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე

2023 წლის 1 თებერვალს ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა.
Sputnik
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უსამართლო უწოდა იმ ფაქტს, რომ ქვეყანას, რომელიც „საუკეთესო ფორმაშია“, ჯერ კიდევ არ აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.

„საქართველო, მისი სისტემა, სახელმწიფო მოწყობა, ბიუროკრატია კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა და ყოველი დღე, ვიდრე ჩვენ არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი, საქართველოსთან მიმართებით არასამართლიანია“, – განაცხადა პაპუაშვილმა დეპუტატების წინაშე პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

მისი თქმით, არსებობს მხოლოდ ერთი წინააღმდეგობა – ყველა პოლიტიკური ჯგუფი უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ სქართველოს ეკუთვნის სტატუსი, როგორც ამაში დარწმუნებულია ქვეყნის თითოეული მოქალაქე.
„თუ ყველა ამას დარწმუნებით იტყვის, გარწმუნებთ, რომ ამ ჩვენს ერთიანობას და რწმენას ევროკავშირის მხრიდან სათანადო პასუხიც გაეცემა... სწორედ ის, რომ ჩვენ კარგ და საუკეთესო ფორმაში ვართ, ევროკომისიის ბოლო შეფასებამაც დაადასტურა. ამიტომ მივმართავ ყველას – ამ შემთხვევაში იფიქრეთ ქვეყანაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
დარჩიაშვილი: საქართველო ყველა პარამეტრით ინარჩუნებს ლიდერობას>>>
2023 წლის 1 თებერვალს ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მთავრობის მუშაობა უმეტეს სფეროებში დადებითად არის შეფასებული. საუბარია საქართველოს ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე თავსებადობაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა სასამართლო სისტემა და ძირითადი უფლებები, მართლმსაჯულების თავისუფლება და უსაფრთხოება, სახელმწიფო შესყიდვები, სტატისტიკა, ფინანსური კონტროლი და სხვ.
ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე მუშაობისას საქართველოს პარლამენტმა 82 კანონპროექტი მიიღო, განაცხადა პაპუაშვილმა.
„საქართველოს პარლამენტმა უკვე მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაში... იმედი მაქვს, რომ ამჯერად საქართველოს ძალისხმევა სათანადოდ დაფასდება და ევროკავშირი მოგვცემს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს“, – აღნიშნა მან.
ევროკავშირი საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, ხოლო ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა შემოდგომაზე იქნება მზად.