თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის ტურისტული ბილიკები მოეწყობა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის ტურისტული ბილიკების მოწყობას, მუნიციპალიტეტს საჩუქრად საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ გადასცა.
„უკვე მომზადებულია თანამედროვე, მაღალი სტანდარტების პროექტი, რომელიც თბილისის ურბანული ტყის განვითარების გეგმის ნაწილია. პროექტი ითვალისწინებს მარკირებული და სპეციალური ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ველო- და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას, რაც ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის ახალი შესაძლებლობების გაჩენას“, – განაცხადა მერმა.
კალაძემ აღნიშნა, რომ ველობილიკი მოეწყობა საერთაშორისო სამთო ველოფედერაციის დოკუმენტის მიხედვით, ხოლო საფეხმავლო ბილიკი – ეროვნული რეგლამენტის შესაბამისად.
კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის ტურისტული ბილიკები მოეწყობა
© Courtesy of Tbilisi City Hall
მისი თქმით, უცხოეთში მსგავსი პროექტები დიდი პოპულარობით სარგებლობს.
მერის განმარტებით, ბილიკების მოწყობის პროცესში მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ბუნებრივი მასალები და მინიმუმამდე დაიყვანება რელიეფისა და გარემოს ცვლილება რკინისა და ბეტონის საფარით.
კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის ტურისტული ბილიკები მოეწყობა
© Courtesy of Tbilisi City Hall
„ვინაიდან ქვეითები ხშირად სარგებლობენ კუს ტბის სამანქანო გზით, აღნიშნული პროექტი გააუმჯობესებს მათ უსაფრთხოებასაც. ტერიტორიაზე მოვაწყობთ საპიკნიკე ზონებსაც“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერის თქმით, ამ პროექტთან დაკავშირებით ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.