კობახიძე: პრეზიდენტმა საზოგადოებაში სააკაშვილის ირგვლივ არსებული განწყობები გაითვალისწინა

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის გათავისუფლება ქვეყანას დააზიანებს.
Sputnik
თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის უარი, შეიწყალოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შეესაბამება ქართველი ხალხისა და საზოგადოების ინტერესებს, განუცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
გუშინ ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის განცხადებისა და დანაშაულების მონანიებაზე მისი უარის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ მისი გათავისუფლების შემთხვევაში იგი არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის რეპუტაციისა და მისი ევროპული პერსპექტივის აქტიური მოწინააღმდეგე გახდება. ამასთან, დასძინა, რომ შეწყალების შემთხვევაშიც კი სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება, რადგან იგი კიდევ სამ საქმეზე გადის ბრალდებულად.

„ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. როგორც ჩანს, მან კარგად გაიაზრა საზოგადოების განწყობა თემის გარშემო. საზოგადოებას არ უნდა არეულობა, რადიკალიზმის გაღვივება“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ ერთ-ერთი მიზანი სააკაშვილის გამოშვების არის სწორედ ამ არეულობის წყაროს შექმნა.
„ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ქართველი ხალხის, საზოგადოების ინტერესებს“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მან სინანულით დასძინა, რომ ახლა ზურაბიშვილის პოზიცია ისეთი მკვეთრი არ არის, როგორც ადრე – „არა და არასოდეს“.

„მიხეილ სააკაშვილისგან დანაშაულების აღიარება ნიშნავს სრულ კაპიტულაციას და ამას ის არ გააკეთებს, ჩვენ ვიცით, მას აქვს კონკრეტული მიზნები. მისი მიზანია პოლიტიკაში დაბრუნება, აქედან გამომდინარე, ამას არასოდეს გააკეთებს“, – აღნიშნა კობახიძემ.

თავის მხრივ, სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტების კითხვას სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით უპასუხა, რომ ყოველ ადამიანს აქვს არჩევანის უფლება, ყველას აქვს თავისი ფასეულობები და თავისი მორალი.
ექს-პრეზიდენტის ოჯახი და დაცვის მხარე მრავალი თვეა ამტკიცებს, რომ სააკაშვილი სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს სააკაშვილს უარი უთხრა გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. დაცვის მხარის მტკიცებით, ექს-პრეზიდენტს კახექსია და გამოკვეთილი ატაქტიკური სინდრომი აქვს, რომელსაც მენტალური ფუნქციების დარღვევა ახლავს თან, რაც გათავისუფლების საფუძველია. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.
ბოლო სასამართლო სხდომაზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის იურისტმა განაცხადა, რომ დაცვის მოწმეებმა, როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა ექსპერტებმა, რომლებიც სასამართლოში ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი მძიმედ ავად იყო, ვერ შეძლებს სათანადო არგუმენტებისა და მტკიცებულებების მოშველიება. ეს კი აჩენს კითხვებს სპეციალისტების ობიექტურობასა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
სააკაშვილი პატიმრობაში რჩება - ექს-პრეზიდენტის რეაქცია და ადვოკატების გეგმები>>
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს