გაძვირებული პროდუქტები საქართველოში - ბიზნესი გაფრთხილებულია

ლარი გამყარდა, ძირითად საკვებ პროდუქტებზე კი ფასები მაინც ძალიან მაღალია.
Sputnik
თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა იმ ათი საკვები პროდუქტის ფასები, რომლებიც პირველი საჭიროების საქონელს წარმოადგენენ და მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ სამომხმარებლო კალათაში. დადგინდა, რომ ფასნამატი ზოგ შემთხვევაში 100%-ს აღწევს, განაცხადა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ „პირველი არხის“ ეთერში.
კონკურენციის სააგენტომ პრემიერის დავალებით სურსათის ბაზარზე ფასების კვლევა ჩაატარა. ირაკლი ღარიბაშვილმა სააგენტოს შესაბამისი დავალება რამდენიმე კვირის წინ მისცა, რათა გაერკვია, რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობენ იმპორტიორები და რამდენად გონივრული მარჟები აქვთ.
პირველ ეტაპზე კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა ისეთი პროდუქტების ფასები, როგორებიცაა ბრინჯი, წიწიბურა, ხორბლის ფქვილი, რძე, ზეთი, მაკარონი და სხვ. როგორც აღმოჩნდა, საბითუმო ფასებზე ნამატი 50-დან 80%-მდე მერყეობს, საცალო ფასების შემთხვევაში ამას კიდევ 20-35% ემატება.
ლექვინაძემ ყურადღება გაამახვილა ეროვნული ვალუტის კურსზე – 2022 წლის მარტიდან ლარი 25%-ით გამყარდა.

„სინამდვილეში, გამყარების მაჩვენებელი მოქმედებს იმპორტის თვითღირებულებაზე – იმპორტი იაფდება, თუმცა უფრო იაფი იმპორტი შეიძლება არ აისახოს სათანადოდ საცალო ქსელში, ზოგჯერ კი ფასები შეიძლება გაიზარდოს კიდეც, ნაცვლად შემცირებისა“, – განმარტა ლექვინაძემ.

ამიტომ, მისი სიტყვებით, საჭირო გახდა წინასწარი კვლევა.
„გარდა ამისა, ჩვენ ვმუშაობთ ათ – როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო პროდუქტზე, რომლებიც ფართოდ გამოიყენება ჩვენი მოქალაქეების მიერ“, – განაცხადა ლექვინაძემ.
საქართველოში პროდუქტები შეიძლება გაიაფდეს - პრემიერმა იმპორტიორები გააკრიტიკა >>
მისი თქმით, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მიღებული იქნება ზომები.

„თუ ჩვენ დავინახავთ რაიმე ქმედებას, რომელიც კონკურენციის შესახებ კანონმდებლობასთან შეუთავსებელია, ბუნებრივია, ჩვენი მანდატის ფარგლებში შემდგომ ნაბიჯებს გადავდგამთ“, – თქვა მან.

საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველადი კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ მათ აღმაშფოთებელი უწოდა. მან ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს დაავალა სამუშაო ჯგუფის დაუყოვნებლივ შექმნა, ყველა მსხვილი იმპორტიორის დაბარება, საკითხის შესწავლა და სათანადო რეაგირება.
წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 9,4% შეადგინა სამიზნე 3%-იანი მაჩვენებლის პირობებში. ამასთან, 2021 წლის ივლისიდან პირველად, 2022 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონე 10%-ზე ქვემოთ ჩამოვიდა.
ბოსტნეულის ფასი ერთ წელიწადში გაიზარდა 26,5%-ით, პურისა და პურპროდუქტების – 22,8%-ით, რძის, ყველისა და კვერცხის – 16,7%-ით, ხორცისა და ხორცპროდუქტების – 8,7%-ით, ზეთისა და ცხიმის – 4,7%-ით.