თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. პარტია „ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა პარალამენტთან აქცია-პერფორმანსი გამართეს – მათ გააპროტესტეს სამუშაოები, რომლებსაც გელათის სამონასტრო კომპლექსში კულტურის სამინისტრო ახორციელებს.
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის კვლევითმა ცენტრმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც საუბარია ტაძრის ბოლო სარესტავრაციო სამუშაოებზე, სადაც წყლის გაჟონვის გამო განადგურების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა უნიკალური ფრესკები, შექმნილი XII–XVIII საუკუნეებში. დასკვნაში აღნიშნულია ფრესკების რესტავრაციის წესების დარღვევაზე.
აქციის მონაწილეები იდგნენ გელათის ფოტოებით, რათა ეჩვენებინათ, რა სავალალო მდგომარეობაშია ტაძარი.
პარტია „ლელოს“ წევრის დეა მეტრეველის თქმით, პასუხისმგებლობა ეკისრება პარლამენტსაც, ამიტომ აუცილებელია კულტურის კომიტეტმა თავის თავზე აიღოს ზედამხედველობის ფუნქცია და მოიწვიოს საერთაშორისო ექსპერტები და მეცნიერები.
მეტრეველმა ხაზი გაუსვა, რომ გელათის საკითხი პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგში პირველი უნდა იყოს და დასძინა, რომ დეპუტატები სრულად მიენდვნენ კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს და არ დაინტერესებულან, როგორ მიმდინარეობდა სარესტავრაციო სამუშაოები.
„ლელოს" წევრის ანა ნაცვლიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ელისო ბოლქვაძე გახდა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, არცერთი მოსმენა და ზედამხედველობა გელათთან დაკავშირებით კომიტეტს არ განუხორციელებია, და ეს ფაქტი არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან სხვა დეპუტატებს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეს.
„რაც შეეხება თეა წულუკიანს, ახლა, როდესაც გელათი გადასარჩენია, მე არ მაინტერესებს პოლიტიკური თემები, მე მინდა, რომ გელათი გადარჩეს, ისევე, როგორც იმ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არიან შეძრწუნებულნი, ესმით გელათის ფასი“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
მან ხაზი გაუსვა ასევე, რომ წულუკიანის პასუხისმგებლობა ამ დღეებში, განსაკუთრებით ჩუბინაშვილის ცენტრის უმძიმესი დასკვნის შემდეგ, არის ის, რომ სასწრაფოდ უნდა შექმნას გეგმა, მაგრამ არა დახურულ კაბინეტში, არამედ გახსნას ეს პროცესი მეცნიერებისთვის.
ამას წინათ კულტურის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ კვლევითი ცენტრის დასკვნა მომზადდა ექსპერტების მონაწილეობის გარეშე და ამიტომ შორსაა სამეცნიერო დასკვნისგან.
სამინისტრო მოცემულ დასკვნას ერთი კონკრეტული და მცირერიცხოვანი, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების ჯგუფის მოსაზრებების კრებულს უწოდებს. სამინისტროს მტკიცებით, ეს პირები 2021 წლიდან ცენტრის ხელმძღვანელობასა და სამინისტროსთან კონფლიქტში არიან.
კვლევით ცენტრში, თავის მხრივ, კულტურის სამინისტროს ბრალდებები უარყვეს და ამაში ცენტრს მხარი დაუჭირა საპატრიარქომაც, რომელმაც განაცხადა, რომ დასკვნა კომპეტენტურმა მეცნიერებმა მოამზადეს.
გელათის რესტავრაცია
კულტურის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ამჟამად ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია და კედლის მხატვრობის ჩამოშლაც – შეჩერებული. ამასთან, ოპტიმალურად მიმდინარეობს კედლების შრობის პროცესი მას შემდეგ, რაც იუნესკოს სპეციალისტების რჩევით ტაძრის სახურავის ერთი ნაწილიდან მოიხსნა მოჭიქული კრამიტი და ნესტის აორთქლება ზემოდანაც გახდა შესაძლებელი.
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათოლიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და ის მისი განსასვენებელი გახდა. წმინდა ღვთისმშობლის ტაძარში დავით აღმაშენებლის უნიკალური ფრესაა დაცული.
პრობლემები ტაძარში 2020 წლის მარტში დაიწყო, როდესაც შემოწმებამ გამოავლინა, რომ კრამიტით გადახურული ახალი სახურავიდან წყალი ჟონავდა. წყალმა დააზიანა ფრესკები ტაძრის დასავლეთ ფრთაში.