თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში, სადაც სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება, მიწისძვრების მსხვერპლთა რაოდენობამ 7,2 ათასს გადააჭარბა, იუწყება BBC.
აქედან თურქეთში, ამ დრის მონაცემებით, დაღუპულია 5400 ადამიანი, დაშავებულია 32 ათასზე მეტი, განადგურებულია დაახლოებით 6000 შენობა, მათ შორის მაღლივი საცხოვრებელი კორპუსები.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბუნებრივი კატასტროფით დაზარალებული ტერიტორიების მოსახლეობა დაახლოებით 23 მილიონია. ჯანმოს პროგნოზით, დაღუპულთა საბოლოო რაოდენობამ შესაძლოა 20 ათასს გადააჭარბოს.
ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებიდან ცოცხლად ამოყვანილთა რაოდენობა 8.000 კაცს აჭარბებს. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში 24 ათასი მაშველი მონაწილეობს.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის სამხრეთით მდებარე 10 ქალაქი კატასტროფის ზონად გამოაცხადა. თითოეულ მათგანში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა წესდება.
ერდოღანის თქმით, ეს ზომები მაშველებს დაზარალებულ დასახლებებამდე მიღწევაში დაეხმარება და ამასთან გაამარტივებს ფინანსური დახმარების მიწოდებას სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად.
რაც შეეხება სირიას, მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა ამ დროისათვის 1712 კაცით განისაზღვრება. მაშველების ვარაუდით, ეს მონაცემი კიდევ გაიზრდება.
ამასთან, ძლიერი ბიძგების შედეგად ქვეყანაში დანგრეულია ათასობით სახლი, დაზარალდა ათობით ქალაქი, მათ შორის დამასკი და ლატაკია. ურთულესი ვითარებაა ალეპოში, სადაც მიწისძვრამ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეტანილი უძველესი ციტადელი დააზიანა.
დამანგრეველი მიწისძვრები თურქეთსა და სირიაში 2023 წლის 6 თებერვალს მოხდა 9-საათიანი ინტერვალით. პირველის ეპიცენტრი, რომლის სიმძლავრეც 7,8 მაგნიტუდა იყო, შეჰიტკამილის რაიონში, გაზიანთეპში (თურქეთი) მდებარეობდა. მეორე, 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი კაჰრამანმარასის პროვინციაში (თურქეთი) დაფიქსირდა.
პირველ კატასტროფულ ბიძგებს ასობით აფტერშოკი მოჰყვა, რომელთაგან უძლიერესი 6,7 მაგნიტუდას აღწევდა.