თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება, არ გაათავისუფლოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შეაფასა, როგორც ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლების ანგარიშსწორება მის მიმართ.
გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვა ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა.სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.
„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც უარყო მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნა მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო სასჯელის გადადების ან სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ექიმების დასკვნა სააკაშვილის მძიმე დაავადებების შესახებ და ასევე უარი თქვა მის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაზე.
„საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქესთან პოლიტიკური ანგარიშსწორება, მისი უფლებების დაცვის გარანტია უნდა უზრუნველყოს და გადასცეს უკრაინას“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ გააგრძელებს უკრაინის მოქალაქის ინტერესების დაცვას, რომელიც „უნდა გათავისუფლდეს“.
კომპლექსური სამედიცინო დასკვნა, რომელსაც დაცვა სასამართლოში ეყრდნობოდა, წარმოადგინა სამედიცინო ცენტრმა „ემპათიამ. დოკუმენტი მოიცავს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ექსპერტების დასკვნებს.
მოწვეულ უცხოელ ექსპერტებს შორის იყვნენ ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონა, ასევე ხუთი ამერიკელი ექსპერტი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი, გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი, ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლაჰანი და ქირურგ-ორთოპედი ჯეიმს კობი.
იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის იურსიტმა ბოლო სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დაცვის მოწმეებმა - როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა ექსპერტებმა, რომლებიც სასამართლოზე ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია, ვერ წარმოადგინეს სათანადო არგუმენტები და მტკიცებულებები. ეს სპეციალისტების ობიექტურობასა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.