თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციას ეხება.
როგორც პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, უკვე მრავალი წელია გარკვეული ხარვეზი არსებობდა. აკრედიტაციის წესის არარსებობის გამო, ყოველ ჯერზე საჭირო იყო ჟურნალისტებისთვის საშვის გაცემა.
„პარლამენტის კვლევითმა ცენტრმა სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების გამოცდილების ანალიზი შეადგინა. ამ საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით შედგა აკრედიტაციის წესი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერის განმარტებით, ორი სახის აკრედიტაცია იმოქმედებს. საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციას მიიღებენ იმ მედიასაშუალებების წარმომადგენლები, რომლებიც პარლამენტის საქმიანობას აშუქებენ. პაპუაშვილის თქმით, საპარლამენტო ჟურნალისტის სტატუსით, ამ აკრედიტაციით მათ შეეძლებათ დაუბრკოლებლად შესვლა და მუშაობა პარლამენტში.
ამასთან, იმოქმედებს სპეციალური აკრედიტაცია, რომელიც ერთი დღის განმავლობაში იმოქმედებს. მსგავსი აკრედიტაციით ისარგებლებენ პარლამენტში არააკრედიტებული მედიასაშუალებები, მათ შორის, უცხოელები.
რაც შეეხება მსხვილ მედიასაშუალებებს, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და აჭარის მაუწყებელს, მათ შვიდი გადამღები ჯგუფის აკრედიტაციის შესაძლებლობა ექნებათ. დანარჩენ ტელევიზიებს კი სამი გადამღები ჯგუფის აკრედიტაცია შეეძლებათ. გადამღებ ჯგუფში შედის როგორც რეპორტიორი, ისე ოპერატორი და ტექნიკური პერსონალი.
პაპუაშვილის თქმით, აკრედიტაციის გარკვეული რაოდენობა გამოყოფილია ონლაინ და ბეჭდური გამოცემებისთვისაც. გაზეთებისთვის და ჟურნალებისთვის ორი ჟურნალისტი, ასევე ორი ჟურნალისტი რადიოსთვის, ხოლო ონლაინ-გამოცემისთვის ოთხი ჟურნალისტი.
ამასთან, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის განცხადებით, თავად აკრედიტაციის პროცედურა რთული არ იქნება. რაც შეეხება ვადებს, მედიის წარმომადგენლებს განაცხადების წარდგენა 20 თებერვლამდე შეუძლიათ. პარლამენტი აკრედიტაციის ახალ წესზე 1 მარტიდან გადავა.