„ხუდონჰესი“ აშენდება ეკლესიისა და საფლავების დატბორვის გარეშე - პრემიერი

მთავრობა ახალ პროექტზე მუშაობს, რომელიც მშენებლობის შემთხვევაში დატბორვის აუცილებლობას გამორიცხავს.
Sputnik
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. „ხუდონჰესის“ მშენებლობისას მდინარე ენგურზე აღარ იქნება აუცილებელი სოფლის, ეკლესიისა და სასაფლაოს დატბორვა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
„ხუდონჰესი“ დაუმთავრებელი ჰიდროელექტროსადგურია მდინარე ენგურზე, სვანეთში, „ენგურჰესის“ ზემოთ. მისი მშენებლობის პროცესი სხვადასხვა დროს დიდ პროტესტს იწვევდა ადგილობრივ მოსახლეობაში, რომლებსაც არ უნდოდათ სახლების, ეკლესიისა და წინაპრების საფლავების დათმობა – რადგან ხუდონის პროექტი ითვალისწინებს სოფელ ხაიშის დატბორვას და მოსახლეობას, მშენებლობის შემთხვევაში, გადასახლება ემუქრება.

„მთავრობა ხუდონის პროექტის მოდიფიცირებაზე მუშაობს. მოგეხსენებათ, ყველასთვის საკმაოდ მგრძნობიარე საკითხია, რადგან, არსებული პროექტის მიხედვით, იქ გათვალისწინებული იყო სოფლის დატბორვა, საფლავების, ეკლესიის, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნებოდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის დავალებით, მთავრობა ახალ პროექტზე მუშაობს, რომელიც გამორიცხავს დატბორვას მშენებლობის შემთხვევაში.
„შესაძლოა, სიმძლავრე ოდნავ შემცირდეს, მაგრამ ჩვენი ექსპერტები გვეუბნებიან, რომ გამომუშავება თითქმის იგივე შეიძლება იყოს“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ამგვარი დიდი პროექტების განხორციელება სახელმწიფოს მონაწილეობით იგეგმება.
„ჩვენ უნდა ვიყოთ წამყვანი ამ პროექტებში, რადგან ეს არის საერთო ეროვნული მნიშვნელობის მსხვილი პროექტები“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ხუდონჰესის მშენებლობა 1980-იან წლებში დაიწყო, მაგრამ შემდეგ მშენებლობა საქართველოს „მწვანეთა პარტიის“ მოთხოვნით მალევე შეჩერდა. ხუდონჰესის მშენებლობაზე თავის დროზე დახარჯული იყო 150 მლნ აშშ დოლარი.
ლევან დავითაშვილი: მთავრობამ ხუდონჰესის პროექტი დაიბრუნა>>
2011 წლის აპრილში საქართველოს მთავრობასა და კომპანია Trans Electrica-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელშიც ზამთარში გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოყენებისა და სხვა სეზონებზე ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტის პირობები იყო განსაზღვრული.
მიუხედავად ამისა, გაუგებარი მიზეზებით, კომპანიამ პროექტის რეალიზაცია ვერ შეძლო.
2022 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის გამოსყიდვა გადაწყვიტა და წელს უკვე აქტიურად შეუდგება პროექტის რეალიზაციას.
ხელისუფლების განცხადებით, „ხუდონჰესის“ პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს საქართველოს ელექტროსისტემისთვის, მათ შორის, „ენგურჰესის“ მუშაობის ეფექტურობის გაზრდისთვის.