თურქეთში მიწისძვრის დროს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი

საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების თაობაზე ინფორმაციის მიღებისა და მათი დახმარების მიზნით.
Sputnik
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. საქართველოს საელჩომ თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მეორე მოქალაქის დაღუპვის შესახებ მიიღო ინფორმაცია.
საქართველოს მოქალაქე თურქეთის ქალაქ ანთაქიაში გარდაიცვალა. საგარეო უწყების ცნობით, საელჩო ხაზზეა გარდაცვლილის ოჯახთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან.

„თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შემოვიდა შეტყობინება მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საელჩოს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის – ო.ც.-ს გარდაცვალების შესახებ თვითმხილველმა აცნობა“, – განაცხადეს საელჩოში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მომხდარ მიწისძვრას ასევე ქალაქ ანთაქიაში საქართველოს მოქალაქე, 67 წლის ნანი ზარანდია ემსხვერპლა. ოჯახის წევრებს ზარანდიას გარდაცვალების შესახებ იმ ოჯახმა შეატყობინა, სადაც ქალი მუშაობდა. მათი ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, ემიგრანტი ქალი კი ნანგრევებში მოჰყვა. საელჩოს ინფორმაციით, ქალის გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები დაწყებულია.
მიწისძვრა თურქეთში
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა არა მარტო თურქეთში, არამედ მოსაზღვრე სირიაშიც. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთშიც.
ბოლო მონაცემებით, ორივე ქვეყანაში დაღუპულია 1900-ზე მეტი ადამიანი. თურქეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.