მსოფლიო დღეს

საგანგებო ვითარება თურქეთში: აშშ დახმარებისთვის მზადაა - ვრცელდება ახალი კადრები

Sputnik
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. შეერთებული შტატები მზადაა ყველა შესაძლო დახმარება აღმოუჩინოს თურქეთს დამანგრეველი მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად, რომელიც 6 თებერვლის დილით მოხდა კაჰამანმარაშის პროვინციაში, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა.

„ჩვენ მზად ვართ გავუწიოთ ყველა შესაძლო დახმარება თურქეთს. პრეზიდენტმა ბაიდენმა უბრძანა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ფედერალური მთავრობის სხვა პარტნიორებს, განიხილონ აშშ-ის რეაგირების ვარიანტები მიწისძვრისგან ყველაზე მეტად დაზარალებულთა დასახმარებლად. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს თურქეთის მთავრობასთან კოორდინაციით“, — აღნიშნა სალივანმა.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა დღეს, დილის 04:17 საათზე მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა არა მარტო თურქეთში, არამედ მოსაზღვრე სირიაშიც.
ამ დროის ინფორმაციით, დაღუპულია 500-ზე მეტი ადამიანი, აქედან 230 სირიაში და 280 თურქეთში. ასობით დანგრეული შენობის ნანგრევების ქვეშ მაშველები გადარჩენილებს ეძებენ. თურქეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ათი კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა ქალაქ გაზიანთეპთან, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
მიწისძვრას 32 აფტერშოკი მოჰყვა, რომელთა შორის ყველაზე ძლიერი 6,6 მაგნიტუდისა იყო.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოილუს ინფორმაციით, მიწისძვრამ ქვეყანაში 10 ქალაქი დააზიანა, ჰატაის პროვინციაში კი გაზსადენი აფეთქდა.