თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 900 ადამიანს გადააჭარბა, 5 ათასზე მეტი დაშავდა, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამაშველო სამშაოების საკოორდინაციო ცენტრში.
„ამ დროისათვის დაღუპულია 912 ადამიანი, დაშავებულია 5385 და გადარჩენილია 2470 ადამიანი“, — თქვა პრეზიდენტმა.
ერდოღანის თქმით, დაღუპულთა საბოლოო რაოდენობის პროგნოზირება რთულია, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა „ამ კატასტროფას მინიმალური ადამიანური დანაკარგებით გადალახავს“.
გარდა ამისა, პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში 2818 დანგრეული შენობაა აღრიცხული.
7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა თურქეთის პროვინცია კაჰრამანმარასში დღეს, დილის 04:17 საათზე მოხდა. ეპიცენტრი გაზიანთეპიდან 37 კილომეტრში იყო, კერა ათი კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.
მიწისძვრას 32 აფტერშოკი მოჰყვა, რომელთაგან ყველაზე ძლიერი 6,6 მაგნიტუდისა იყო. ბიძგები იგრძნობოდა ლიბანში, ერაყსა და ისრაელში, ხოლო თურქეთის მეზობელ სირიაში მიწისძვრამ ასევე დიდი ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია.
სირიაში მძიმედ დაზარალდა პროვინციები ალეპო, ლატაკია, ჰამა და ტარტუსი. რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობამ 326 ადამიანს მიაღწია, დაშავებულია 1042 ადამიანი.