თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში „ომიკრონის“ ახალი შტამი „კრაკენი“ საქართველოში ალბათ ძირითადი იქნება, განაცხადა ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „მთავარის“ პრეს-ცენტრში.
„კრაკენი“ – „ომიკრონის“ ახალი სუბვარიანტია, რომელიც ცნობილი შტამებიდან ყველაზე სწრაფად ვრცელდება. ცნობილია, რომ „კრაკენი“ მძიმე მიმდინარეობით არ გამოირჩევა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპულმა ბიურომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, შეინიშნება ინფიცირების ახალი შემთხვევების 20%-იანი ზრდა, აღნიშნა ალერგოლოგმა.
ექსპერტების თქმით, დეკემბერში საქართველოში კორონავირუსის 2569 შემთხვევა დაფიქსირდა, იანვარში – 4670. ანუ არის 66%-იანი ზრდა. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების პიკური მაჩვენებელი 10-20 იანვარს დაფიქსირდა.
კულუმბეგოვის აზრით, „კრაკენი“ ჩაანაცვლებს BA4–BA5 შტამებს, რომლებიც საქართველოში ამჟამად დომინირებენ.
როგორც მან აღნიშნა, „კრაკენი“ უფრო მდგრადია ვაქცინებისადმი, და სინანული გამოხატა იმის გამო, რომ საქართველოში დღემდე არ არის ახალი თაობის პრეპარატი, ე.წ. ბივალენტური, გაუმჯობესებული ვაქცინა.
რაც შეეხება გლობალურ სიტუაციას, მსოფლიოში იანვარში დაფიქსირდა კორონავირუსის 20 მილიონი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. აქედან 114 ათასი პაციენტი გარდაიცვალა. წინა თვეებთან შედარებით შეიმჩნევა ინფიცირების შემთხვევების 70%-იანი შემცირება, თუმცა 60%-ით გაიზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი.
ახალი შემთხვევები, ძირითადად, აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებზე მოდის.
კულუმბეგოვმა ყველას ურჩია სამედიცინო ნიღბების ტარება ტრანსპორტსა და საზოგადოებრივ ადგილებში, რადგან ისინი იცავენ არა მხოლოდ კორონავირუსისგან, არამედ გრიპისა და სხვა რესპირატორული ვირუსებისგანაც.
ალერგოლოგმა ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსი შესუსტდა, თუმცა ის ჯერ კიდევ გლობალურად საშიშია და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ ჩქარობს პანდემიის დასრულებულად გამოცხადებას.