თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიიფ ერდოღანს სამძიმარს უცხადებს.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა არა მარტო თურქეთში, არამედ მოსაზღვრე სირიაშიც. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთშიც.
„მსოფლიო შეძრა 6 თებერვალს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ. სტიქიას ემსხვერპლა საქართველოს მოქალაქეც. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო. მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა და გთხოვთ, სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახებს“, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.
ილია მეორემ თურქეთს მშვიდობა, მხნეობა, დაშავებულთა გამოჯანმრთელება და ვითარების დროულად გამოსწორება უსურვა.
თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიიფ ერდოღანს, მთავრობასა და თურქ ხალხს საქართველოს პირველმა პირებმა სამძიმარი გამოუცხადეს.
ბოლო მონაცემებით, ორივე ქვეყანაში დაღუპულია 1900-ზე მეტი ადამიანი. თურქეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.