თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საკითხზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს.
დასკვნითი სიტყვით უნდა წარდგეს ორივე მხარე – ადვოკატები და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები. და, სავარაუდოდ, დღეს მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს. თავად ექს-პრეზიდენტი სხდომაში არ მონაწილეობს.
სასამართლო პროცესზე, რომელიც დაახლოებით ორი თვეა გრძელდება, გამოიკითხნენ სააკაშვილის დაცვის მიერ მოწმის სახით მოწვეული უცხოელი და ადგილობრივი ექიმები, სამოქალაქო კლინიკა „ვივამედის“ თანამშრომლები და დირექტორი ნინო ნადირაძე, ასევე ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი.
სასამართლოს წინაშე მოწმის სახით და წამების, ძალადობისა და სტრესის მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათიის“ დირექტორის სტატუსით მარიამ ჯიშკარიანი გამოცხადდა. სწორედ ამ ცენტრმა მოამზადა ადგილობრივი და უცხოელი ექიმების მონაწილეობით ყოვლისმომცველი სამედიცინო დასკვნა, რომელიც ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარის მთავარი არგუმენტია სააკაშვილის გათავისუფლების აუცილებლობის შესახებ საუბრისას.
მოწვეულ უცხოელ ექსპერტებს შორის იყვნენ ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონა, ასევე ხუთი ამერიკელი ექსპერტი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი, გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი, ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლაჰანი და ქირურგ-ორთოპედი ჯეიმს კობი, რომლებიც სასამართლოში უკვე დაიკითხნენ.
დიაგნოზები როგორც არგუმენტი
სააკაშვილის დაცვის მხარე კომპლექსურ სამედიცინო დასკვნაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ექს-პრეზიდენტს აქვს სამი მძიმე დაავადება, რომლებიც, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს:
- დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი;
- ნაწლავებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა ორგანოების დაავადებები კახექსიის სტადიაში შთანთქმის ფუნქციის გამოხატული დარღვევით (ორგანიზმის უკიდურესად მძიმე დასუსტება);
- ნერვული სისტემის დაავადებები, რომლებიც, ადეკვატური მკურნალობის მიუხედავად, იწვევს ნერვული სისტემის ორგანულ დაზიანებას მისი ფუნქციონირების ღრმა და სტაბილური ან/და სტაბილურად პროგრესირებადი დარღვევით, გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა.
იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური, რომელიც სასამართლოში მეორე მხარეს წარმოადგენს, ამ დიაგნოზებს არასარწმუნოდ მიიჩნევს.
იმავდროულად, 3 თებერვალს „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოში დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს. მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
ამასთან, მან სააკაშვილის მნახველები თვითმკვლელობის წახალისებაში დაადანაშაულა. ნადირაძის თქმით, ახლობლებს ის საკვები არ მოაქვთ, რაც დანიშნულებაშია მითითებული, მეტიც, სტუმრები მას მოუწოდებენ, რომ იკვებოს ისე, რომ არ გამოჯანმრთელდეს.
რამდენიმე დღით ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი გათავისუფლების მისაღწევად თვითდაზიანებით არის დაკავებული, მიირთმევს დაბალკალორიულ საკვებს და რეგულარულად უარს ამბობს სამედიცინო დანიშნულების შესრულებაზე.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
უფრო ადრე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი სიმულანტობს და საკუთარ თავს ზიანს აყენებს, რათა ამით გათავისუფლებას მიაღწიოს.
მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, ის რაც შეიძლება მეტად დასუსტდეს, რომ თავიდან აიცილოს ჩადენილი დანაშაულებისთვის მისჯილი სასჯელი.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.