თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. არსებობს ფილმები, რომელთა ყურებაც, მართალია, დაავადებებისგან ვერ განგკურნავთ, მაგრამ მტანჯველ ტკივილებთან გამკლავებაში კი ნამდვილად დაგეხმარებათ, წერს Daily Express სამედიცინო ექსპერტებზე დაყრდნობით.
მაგრამ, მათი თქმით, თუ რომანტიკული კომედიების მოყვარული ხართ, უნდა იცოდეთ, რომ ამ ჟანრის ფილმები „ტკივილგამაყუჩებელთა“ კატეგორიაში არ შედის. ხოლო თუ კლასიკურ საშინელებათა ფილმებს ან ფსიქოლოგიურ ტრილერებს არჩევთ, როგორებიცაა „ყვირილი“ ან „კრავთა დუმილი“, ე.ი. სწორ გზას ადგახართ.
როგორც ქრონიკული ტკივილების ექსპერტი, თერაპევტი პოლ ალენი ამბობს (The Fibro Guy’s studio's სპეციალისტი), თავისი პრაქტიკის განმავლობაშიც აღმოაჩინა და მეცნიერული მონაცემებიც ადასტურებს, რომ ის პაციენტები, რომლებსაც სტენლი კუბრიკის ტრილერები მოსწონთ და სიამოვნებით უყურებენ ისეთ სერიალებს, როგორიცაა „საშინელებათა ამერიკული ისტორია“ (American Horror Story), ხშირად უკეთესად რეაგირებენ ტკივილის სინდრომზე.
„რამდენიმე კვლევა იმაზეც კი მიუთითებს, რომ საშინელებათა ფილმები შეიძლება ისეთივე კარგი და სასარგებლო იყოს მოუსვენარი გონებისთვის, როგორც ფიზიკური ვარჯიში. და ეს შესანიშნავია. დარწმუნებული ვარ, ბევრს ურჩევნია ფილმს უყუროს, ვიდრე ყოველ ჯერზე სარბენად წავიდეს“, — ამბობს ალენი.
საშინელებათა ფილმებისა და ტრილერების პლუსები პოლ ალენის აზრით
კონტროლირებადი სტრესი
როგორც ექიმი ამბობს, საშინელებათა ფილმების ცქერისას მიღებული სტრესი სინამდვილეში საშუალებას აძლევს ადამიანს, ქრონიკული ტკივილიდან სხვა რამეზე გადაიტანოს ყურადღება.
საშინელებათა ფილმები გვაძლევს საშუალებას, განვიცადოთ სტრესი კონტროლირებად გარემოში. ანუ შეგვიძლია ნებისმიერ მომენტში გამოვრთოთ ტელევიზორი და გავექცეთ სტრესს, თუ ის უკვე აუტანელი ხდება. სწორედ ამაშია განსხვავება თავსმოხვეულ და ნებაყოფლობით სტრესებს შორის.
ბედნიერების ჰორმონები
როცა საშინელებათა ფილმებს უყურებს, ადამიანის ორგანიზმი სხვადასხვაგვარ „ბედნიერების ჰორმონებს“ გამოიმუშავებს — ენდორფინებიდან დოფამინებამდე.
როდესაც ფილმში პატარა გოგონა ნაჯახით შეიარაღებულ მანიაკს თავს აღწევს, ადამიანი სიხარულს განიცდის. ანუ ენდორფინებისა და დოფამინების გამოყოფა ჩვეულებრივი მოვლენაა საშინელებათა ფილმების ყურებისას. და ვინაიდან ამ ჰორმონების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ტკივილისა და სტრესის დათრგუნვაა, საკმაოდ მარტივია იმის გაგება, თუ როგორ ეხმარება საშინელებათ ფილმი ქრონიკული ტკივილების მქონე ადამიანებს.
რეალობისგან გაქცევა
საინტერესო ან საყვარელი ფილმის ყურება, ანუ სხვა ადამიანების ისტორიაში ჩაფლვა, საკუთარი პრობლემებისგან გაქცევის შესანიშნავი გზაა.
ქრონიკული დაავადებებით გაწამებული ბევრი ადამიანი აღიარებს, რომ საყვარელი სერიალის თუნდაც ერთი საათით ყურება ყურადღების გადატანაში ეხმარება და ტკივილს უმსუბუქებს.
სენსორული იმპულსები
საშინელებათა ფილმები ქრონიკული ტკივილების დავიწყებაში სენსორული ინფორმაციითაც გვეხმარება. ასეთი ფილმები ამძაფრებს ჩვენს გრძნობებსა და შეგრძნებებს, ვინაიდან ყოველწამიერად რაღაც საშიშროებას ველით. ეს კი გონებას ტკივილიდან სხვაგან გადართავს.
გარდა ამისა, საშინელებათა ფილმებში გამოყენებული ინფრაბგერა, რომელიც არ ისმის, მაგრამ ყური მაინც გრძნობს, ასევე იწვევს გარკვეულ რეაქციებს ტვინში.
დაამატეთ ამას ძველი კარების ჭრიალი, გამყინავი კივილი და სხვა ეფექტები, რომლებიც ფილმში შემაშინებელ ატმოსფეროს ქმნიან, და უამრავ სენსორულ ინფორმაციას მიიღებთ, რომლებიც გონებას ტკივილს „ავიწყებს“.
წყარო: Daily Express