თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. ბათუმში, დელფინარიუმის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეგან ჯორჯიამ” საპროტესტო აქცია გამართა, ლოზუნგით „დელფინარიუმი ციხეა“, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
აქციის მონაწილეები ქვეყანაში დელფინარიუმის არსებობა გააპროტესტეს. „ვეგან ჯორჯიას“ წევრები მიიჩნევენ, რომ დელფინარიუმში არის საცირკო სანახაობა და გართობის მიზნით ცხოველთა ექსპლუატაცია მიუღებელია.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, დელფინარიუმის დაცვის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ, სცადეს ბანერის წართმევა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ბათუმის დელფინარიუმი ბათუმის მერიას ეკუთვნის. დელფინარიუმის ამფითეატრი შედგება 4 სექტორისაგან და გათვლილია 887 მაყურებელზე. 2021 წლის ნოემბრის მონაცემებით, დელფინარიუმში 20 დელფინი ბინადრობს.
ბათუმის დელფინარიუმის ბინადრები განეკუთვნებიან დელფინთა სახეობა აფალინებს (Tursiops truncatus). დელფინისებრთა ოჯახის ეს ზღვის ძუძუმწოვარი ცხოველი შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის „წითელ ნუსხაში“ (IUCN).
წყარო - ტელეკომპანია „მთავარი არხი“.