საქართველოში სანოტარო ბიუროები მოსახლეობას მეტ ელექტრონულ სერვისს შესთავაზებენ

ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსის მიერ ციფრული ხელმოწერის გამოყენების მიმართულებით იწყებს მუშაობას
Sputnik
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ელექტრონული ხელმოწერა, სანოტარო არქივის გაციფრულება, დისტანციური სანოტარო აქტები - ეს სერვისები მალე საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი.
ამ საკითხებზე სანოტარო სერვისების გაციფრულების თემებზე კონფერენციის ფარგლებში იმსჯელეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ გერმანელი ექსპერტები, რომლებმაც თავიანთი გამოცდილება ქართველ კოლეგებს გაუზიარეს.
„ონლაინ მინდობილობა, განცხადება/გარიგება, - ეს ის სანოტარო სერვისებია, რომლებსაც ქართველი ნოტარიუსები დღეისათვის გასცემენ. ნოტარიუსის მიერ ციფრული ხელმოწერის გამოყენების მიმართულებით კი, ნოტარიუსთა პალატა მუშაობის დაწყებას სამომავლოდ გეგმავს“, - განაცხადა ნოტარიუსთა პალატის იურისტმა ნინო ხარიტონაშვილმა.
კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე დავით ფუტკარაძე, გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის წარმომადგენელი, სასამართლო მრჩეველი რიჰარდ ბოკი და საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი.