თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საგარეჯოში მომხადარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა - ის რეანიმაციულ განყოფილებაში ორი კვირის განმავლობაში იმყოფება.
საგარეჯოში 20 იანვარს მომხდარი საზარელი ფაქტის შედეგად დაიჭრა ხუთი და დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი.
24 წლის გიორგი კიკნაძე ამჟამად მკურნალობს თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრ „ჯეო ჰოსპიტალსში“. ის საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრიდან ერთი კვირის წინ გადაიყვანეს.
ექიმების თქმით, მამაკაცს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, მათ შორის ღრმა დაზიანება ჰქონდა მუცლის არეში, დაზიანებული იყო ბარძაყის მთავარი არტერია და ვენა. ადრე მას ოპერაცია ჩაუტარდა.
„ამ ეტაპზე პაციენტი კლინიკაში გეგმურ მკურნალობას გადის და მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება“, - განაცხადეს კლინიკაში.
გამოძიების ცნობით, გვიან საღამოს 48 წლის ნოდარ ათუაშვილმა თავისი ბინის აივნიდან ავტომატით ცეცხლი გაუხსნა ეზოში მყოფ ადამიანებს, მოგვიანებით კი შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებსაც ესროლა. თავად ბრალდებულმა შემდეგ თავი მოიკლა. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია.
საქმეზე გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები, იკითხებიან მოწმეები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.