თბილისი, 4 თებერვალი - Sputnik. დასავლეთის მიერ უკრაინაში იარაღის გაგზავნა და რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის განხორციელების ნებართვა არ შეუწყობს ხელს მოლაპარაკებებს, შედეგი იქნება საპირისპირო: ყირიმზე შეტევებს საპასუხო დარტყმები მოჰყვება, - განაცხადა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა ჟურნალისტ ნადანა ფრიდრიხსონთან ინტერვიუში.
შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 2,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადეს. მასში შედის საჰაერო თავდაცვის საშუალებები, შორი დისტანციის რაკეტები HIMARS-ის სისტემებისთვის და შორ მანძილზე მოქმედი GLSDB-ის ჭურვები. ვაშინგტონი კიევს უტოვებს ამ იარაღის გამოყენების შესაძლებლობას ყირიმზე თავდასხმისთვის.
„შედეგი პირდაპირ საპირისპირო იქნება. არანაირი მოლაპარაკებები ამ შემთხვევაში აღარ იქნება, იქნება მხოლოდ საპასუხო დარტყმები. უკრაინის ის დარჩენილი ნაწილი, რომელიც კიევის მმართველობის ქვეშ რჩება, ცეცხლის ალში გაეხვევა“, - ციტირებს მედვედევს „რია ნოვოსტი“.
ამასთან მან აღნიშნა, რომ აშშ-ს არ აწყობთ კონფლიქტის დასრულება.
„ვაშინგტონს ნამდვილად რომ სურდეს ომის დასრულება, რომელიც მისივე პროვოცირებულია, ამას თითის ერთი გატკაცუნებით გააკეთებდა და უბრძანებდა თავის ნარკოტიკებით გაჟღენთილ ლაქიებს, რომ მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ. მაგრამ აშშ-ის ადმინისტრაციაში მყოფ ვაშინგტონელ ბებერ ჭკუასუსტებსა და კონგრესის ქორებს ეს, უბრალოდ, არ აწყობთ“, - განაცხადა მედვედევმა.
რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაცია 24 თებერვალს დაიწყო. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მის მიზნად დაასახელა „იმ ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში კიევის რეჟიმის წამებისა და გენოციდის მსხვერპლი არიან".