თბილისი, 4 თებერვალი - Sputnik. თბილისის ცენტრში მდებარე საქართველოს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის შენობის გამაგრება დასრულდა, ახლა სპეციალისტები შენობის ფასადის განახლებაზე მუშაობენ.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს, რომლებიც თბილისის განვითარების ფონდის პროგრამა „ახალი თბილისის“ ფარგლებში ტარდება. მუზეუმის შენობა გამაგრდა, აღდგა კომუნიკაციები, დამონტაჟდა სადრენაჟე და გათბობის სისტემები, გაიწმინდა აგურის კედლები, დამონტაჟდა შიდა რკინის კარ-ფანჯრები, მოეწყო სველი წერტილები, სართული სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
„აქ იყო უმძიმესი მდგომარეობა. პირველ რიგში, ჩატარდა გამაგრების სამუშაოები, რადგან, ფაქტობრივად ინგრეოდა არსებული შენობა. შეუძლებელი იყო სარდაფში ჩასვლა. იყო წყლების პრობლემა, რომელიც აზიანებდა შენობას. დღეს უკვე სარდაფი მოწესრიგებულია და მოწყობილია სადრენაჟე სისტემა“, - განაცხადა კალაძემ.
ამჟამად გრძელდება შიდა სარემონტო სამუშაოები და ხორციელდება ფასადის რესტავრაცია. როგორც ცნობილია, მუზეუმი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ყველა ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ავთენტურობა შენარჩუნდეს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, აღდგენითი სამუშაოები ზაფხულის ბოლოს, შემოდგომაზე მთლიანად უნდა დასრულდეს.
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი ერთ-ერთი უძველესია საქართველოს მუზეუმებს შორის — დაარსდა 1887 წელს და წარმოადგენდა კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის ნაწილს. აბრეშუმის მუზეუმის ახლანდელი შენობას საფუძველი ჩაეყარა 1889 წლის 9 ოქტომბერს, ხოლო ააგო ალექსანდრე შიმკევიჩმა 1892 წელს.
მუზეუმს აქვს მდიდარი ბიბლიოთეკა, სადაც ინახება XVIII-XIX საუკუნეების უნიკალურ წიგნებს ბუნებისმეტყველების შესახებბ რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, რუმინულ, უნგრულ, ჩინურ, იაპონურ, სპარსულ, არაბულ და სხვა ენებზე.