საქართველოში 1 ივნისიდან კვების პროდუქტებზე სპეციალური სტანდარტი ამოქმედდება

სტანდარტი ითვალისწინებს იმ სახიფათო ფაქტორების სისტემატურ იდენტიფიცირებას, შეფასებას და მართვას, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს პროდუქციის უსაფრთხოებაზე.
Sputnik
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. კვების პროდუქტების ყველა მწარმოებელი და რეალიზატორი, ასევე გადამამუშავებელი პუნქტი ვალდებული იქნება, 2023 წლის 1 ივნისამდე საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) დანერგოს, ნათქვამია საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
HACCP, ანუ Hazard Analysis and Critical Control Points – კონცეფციაა, რომელიც ითვალისწინებს იმ სახიფათო ფაქტორების სისტემატურ იდენტიფიცირებას, შეფასებას და მართვას, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს პროდუქციის უსაფრთხოებაზე.
ამჟამად სურსათის სააგენტოს წარმომადგენლები სისტემატურ შეხვედრებს მართავენ ბიზნეს-ოპერატორებთან და მათ აღნიშნული სისტემის მოთხოვნებს აცნობენ.
ბიზნეს-ოპერატორებს შეუძლიათ ამ სისტემის დანერგვა მას შემდეგ, რაც დააკმაყოფილებენ კარგი წარმოების პრაქტიკის მოთხოვნებს და განახორციელებენ საჭირო GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკა) და GHP (ეს არის ძირითადი პრინციპები, პროცედურები და ინსტრუმენტები, რომლებიც ხელს უწყობენ სწორი გარემოს შექმნას ხარისხიანი პროდუქტების წარმოებისთვის) პროგრამებს.