საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისიის დადებით შეფასებას მიესალმება

ევროკომისიის ანგარიშში საქართველომ 32 სექტორული მიმართულებიდან 26-ში დადებითი შეფასება მიიღო.
Sputnik
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით დადებითად აფასებს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადის შესახებ, რომელიც მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა სასამართლო სისტემა და ძირითადი უფლებები, მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება, სახელმწიფო შესყიდვები, სტატისტიკა, ფინანსური კონტროლი, პოლიტიკა კონკურენციის სფეროში და სხვ.

„მისასალმებელია ეს პოზიტიური შეფასება, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახლო მომავალში ჩვენ მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას, რათა უმოკლეს ვადაში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“, – დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.

მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის ანგარიშის კომენტირებისას აღნიშნა, საქართველო მნიშვნელოვნად, 12 პუნქტით უსწრებს მოლდოვას და თითქმის ყველა ძირითადი პარამეტრით – უკრაინას.
დარჩიაშვილი: საქართევლო ყველა პარამეტრით ინარჩუნებს ლიდერობას>>>
ამასთან, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ანგარიში საკმაოდ ტექნიკურია, თუმცა აქვს სპეციალური შეფასების გრადაცია, რომლის მიხედვით, დოკუმენტში არსებული 32 სექტორული მიმართულებიდან 26-ში საქართველომ მიიღო დადებითი შეფასება. მისი თქმით, ყველა პარამეტრით ქვეყანა ინარჩუნებს ლიდერობას რეფორმების გატარების კუთხით.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის ბოლოს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას ევროპული მხარე გაითვალისწინებს 12 პრიორიტეტის განხორციელების შედეგებს, ასევე ანგარიშში არსებულ პროგრესს, რომელიც, დარჩიაშვილის თქმით, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის გზაზე უმნიშვნელოვანესი ელემენტია.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
ევროკავშირი საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, ხოლო ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა შემოდგომაზე იქნება მზად.