თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი რეგიონებში არსებული დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო მოქალაქეებს აფრთხილებს.
უწყება მოუწოდებს მოსახლეობას, გზებზე იმოძრაონ ზამთრისთვის განკუთვნილი შესაბამისი საბურავებით, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები.
„ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება შესაძლებელია ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, თუმცა უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიზნით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ავტოტრანსპორტის გადაადგილებას არეგულირებენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათი ცნობით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მაგალითად, მონიტორინგს უწევენ ავტომობილების ზამთრის საბურავებით გადაადგილებას დაბა წაღვერიდან ბაკურიანი–ცემის მიმართულებით. ზაფხულის საბურავების აღმოჩენის შემთხვევაში ავტომობილის მძღოლებს არ მიეცემათ საშუალება გადაადგილდნენ აღნიშნული მიმართულებით.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი გაუარესდება; საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოსალოდნელია დიდთოვლობა, ხილვადობის გაუარესება, ქარბუქი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება.