„ევროვიზია 2023"-ზე საქართველოს ირუ ხეჩანოვი წარადგენს

ჯერჯერობით უცნობია, რა სიმღერას შეასრულებს ახალგაზრდა მუსიკოსი „ევროვიზიაზე“.
Sputnik
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე „ევროვიზია 2023“ პროექტ Voice-ის გამარჯვებული ირუ ხეჩანოვი წარადგენს.
22 წლის ხეჩანოვმა საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე ქვეყნის წარმომადგენლის სტატუსი „პირველი არხის“ პროექტში გამარჯვებით მოიპოვა. პროექტის ფინალისტები იყვნენ ირუ ხეჩანოვი, გიორგი დათიაშვილი, თაკო კაკალაშვილი, თინა დათიკაშვილი, ლიკა სირაძე, ლიკუნა თუთისანი, ანკა თათარაშვილი და კახა ასლამაზაშვილი.
ფინალისტებს შორის ირუმ მაყურებელთა ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მიიღო – 21,88%. შესაბამისად, იგი წარადგენს საქართველოს წლევანდელ „ევროვიზიაზე“.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მუსიკოსი ერთ-ერთია, რომელიც 2011 წელს „საბავშვო ევროვიზიაზე“ საქართველოს სახელით მონაწილე ჯგუფ „ქენდის“ წევრი იყო, რომელმაც ქვეყანას მაშინ გამარჯვება მოუტანა.
საქართველოს წარმომადგენელი სიმღერის კონკურსზე „ევროვიზია-2023“ მეორე ნახევარფინალში გამოვა.
კონკურსი „ევროვიზია-2023“ ჩატარდება მიმდინარე წლის 9, 11 (ნახევარფინალები) და 13 (ფინალი) მაისს ბრიტანეთის ქალაქ ლივერპულში.
„ევროვიზიაზე“ 2022 წელს გაიმარჯვა უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra სიმღერით Stefania.