თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ევროკომისიამ აღიარა საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი – ყველა პარამეტრით ქვეყანა ინარჩუნებს ლიდერობას ევროინტეგრაციის ფარგლებში რეფორმების გატარების კუთხით, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადის შესახებ, რომელიც მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა სასამართლო სისტემა და ძირითადი უფლებები, მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება, სახელმწიფო შესყიდვები, სტატისტიკა, ფინანსური კონტროლი, პოლიტიკა კონკურენციის სფეროში და სხვ.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ანგარიში საკმაოდ ტექნიკურია, თუმცა აქვს სპეციალური შეფასების გრადაცია, რომლის მიხედვით, დოკუმენტში არსებული 32 სექტორული მიმართულებიდან 26-ში საქართველომ მიიღო დადებითი შეფასება.
„ცალსახად უნდა განვაცხადოთ, რომ ანგარიში, როგორც მოსალოდნელი იყო, არის საკმაოდ პოზიტიური და საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ევროკომისიის მიერ აღიარებულია თითქმის ყველა მიმართულებით“, – განაცხადა დარჩიაშვილმა ბრიფინგზე.
ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა იმ მიმართულებებით, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ თავსებადობას ევროკავშირთან, რითაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ საქართველო ერთმნიშვნელოვნად არის ლიდერი სექტორული რეფორმების თვალსაზრისითაც, აღნიშნა მინისტრმა.
„ეს ანგარიში კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და ყველა თვალსაზრისით ინარჩუნებს ლიდერობას ევროინტეგრაციის ფარგლებში რეფორმების გატარების კუთხით“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
როგორც საგარეო უწყების პირველმა პირმა აღნიშნა, წარმატებით სრულდება ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტი, რომელთა დიდი ნაწილი სრულად არის შესრულებული, საკანონმდებლო აქტების ნაწილი დასკვნებისთვის გაგზავნილია ვენეციის კომისიაში. ასევე არის რამდენიმე პრიორიტეტი, სადაც ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარეშე შეუძლებელია პროგრესის მიღწევა.
„თუმცა აქაც გვაქვს იმედი, რომ ყველა პოლიტიკური ძალისთვის ქვეყნის ევროინტეგრაცია წარმოადგენს ეროვნულ პრიორიტეტს და ისინიც შეიტანენ წვლილს ამ ისტორიულ საქმეში, რასაც ქვეყნის ევროკავშირში წევრობა ჰქვია“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის ბოლოს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას ევროპული მხარე გაითვალისწინებს 12 პრიორიტეტის განხორციელების შედეგებს, ასევე ანგარიშში არსებულ პროგრესს, რომელიც, დარჩიაშვილის თქმით, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის გზაზე უმნიშვნელოვანესი ელემენტია.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
ევროკავშირი საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, ხოლო ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა შემოდგომაზე იქნება მზად.