მსოფლიო დღეს

Bloomberg: კიევისთვის GLSDB-ს მიწოდებას ცხრა თვე დასჭირდება

Sputnik
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. შორი მანძილის ჭურვებს GLSDB, რომლებიც, სავარაუდოდ, შევა კიევისთვის სამხედრო დახმარების ახალ ამერიკულ პაკეტში, ვაშინგტონი უკრაინას ცხრა თვეზე ადრე ვერ მიაწვდის, იტყობინება სააგენტო Bloomberg.
მანამდე დასავლური მასმედია წერდა, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის ახალ 2,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს, რომელშიც პირველად შევა GLSDB ჭურვები. ეს ამერიკული Boeing-ისა და შვედური Saab-ის ერთობლივი პროექტია, რომლებმაც ავიაბომბი სარაკეტო ძრავით აღჭურვეს და სისტემა HIMARS-ს მოარგეს. Saab-ის მტკიცებით, ჭურვის ფრენის სიშორე 150 კილომეტრს აღემატება.

„როგორც აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ მიწოდებული სხვა აღჭურვილობა, ისე [GLSDB] უკრაინაში უახლოეს ვადებში ვერ განთავსდება: როგორც დარგის მაღალჩინოსანმა განაცხადა, პირველ მიწოდებებს დაახლოებით ცხრა თვე დასჭირდება მას შემდეგ, რაც საჰაერო ძალებთან კონტრაქტი გაფორმდება“, — წერს სააგენტო.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შესაძლოა შევიდეს Claymore-ს მართვადი ჭურვები, სისტემა Patriot-ის დამხმარე აღჭურვილობა და რეაქტიული ნაღმმტყორცნი Mk 153 — პენტაგონის მარაგებიდან. შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი შესაძლოა დღეს, 3 თებერვალს გამოაცხადოს.
წყარო: Bloomberg