სკანდალი გელათის მონასტრის ირგვლივ: საპატრიარქო და ექსპერტები კულტურის უწყების წინააღმდეგ

გელათის მონასტრის ირგვლივ ახალი სკანდალი თანდათან მწვავდება.
Sputnik
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქომ დაგმო კულტურის სამინისტროს განცხადება, რომელმაც გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის კვლევითი ცენტრის ბოლო დასკვნას გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით პოლიტიკურად ანგაჟირებული უწოდა.
ცენტრის სახელით გამოქვეყნებულ დასკვნაში საუბარია ტაძრის ბოლო სარესტავრაციო სამუშაოებზე. როგორც ცნობილია, ტაძარში წყლის ჩასვლის გამო საფრთხეში აღმოჩნდა XII–XVIII საუკუნეებში შექმნილი ფრესკები. დასკვნაში საუბარია დაუსრულებელ სამუშაოებზე და ფრესკების რესტავრაციის წესების დარღვევაზე. კულტურის სამინისტრომ მოცემულ დასკვნას ერთი კონკრეტული და მცირერიცხოვანი, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირთა ჯგუფის მოსაზრებების კრებული უწოდა.

„ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა შესრულებულია საპატრიარქოს უშუალო თხოვნის საფუძველზე და აქ არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს, არამედ ის განპირობებულია ძეგლის დაცვისა და საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

განცხადების თანახმად, საპატრიარქომ საჭიროდ ჩათვალა, უცხოელი ექსპერტების დასკვნის პარალელურად შეფასება თვითონაც წარმოედგინა. გარდა ამისა, საპატრიარქომ უარყო კულტურის სამინისტროს განცხადება, თითქოს დასკვნა სამეცნიერო საბჭოს გვერდის ავლით მომზადდა.
„რაც შეეხება გუშინდელ განცხადებებს, თითქოს აღნიშნული დასკვნა შესრულებულია პრივატულად და მას არ გააჩნია იურიდიული ლეგიტიმაცია, სინამდვილეს არ შეესაბამება“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
ცენტრის რეაქცია
კულტურის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ფაქტები უარყვეს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის კვლევით ცენტრშიც, რომელმაც დასკვნა მოამზადა.
„სამწუხაროდ, სამინისტროს წერილში ცხადად იკვეთება გელათის პრობლემის პოლიტიზების სურვილი. გამუდმებით მეორდება ბრალდება, თითქოს ჩუბინაშვილის ცენტრის ანგარიშის ავტორები ვიწრო პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ“, – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.
მათ უარყვეს ანგარიშის შედგენის დროს პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობა.

„კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტები თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიებით არ ხელმძღვანელობენ. გელათის მდგომარეობის შეფასება ეფუძნება ფაქტების კვალიფიციურ, ობიექტურ ანალიზს და არა „პარტიულ ინტერესებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცენტრმა ასევე აღნიშნა, რომ დასკვნა წარმოდგენილი იყო სამეცნიერო საბჭოზე მაღალი კვორუმით და არ გაკეთებულა საბჭოს გვერდის ავლით, როგორც ამას კულტურის სამინისტრო ამტკიცებს.
„საპატიო მიზეზით სხდომას ვერ დაესწრო საბჭოს თავმჯდომარე, მაგრამ ესწრებოდა და სხდომას უძღვებოდა მისი მოადგილე, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა და, ცხადია, დარღვევას არ წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცენტრი აღნიშნავს, რომ სხდომის ოქმის თანახმად, „საბჭოს წვრებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ წარმოდგენილი დასკვნა დადებითად შეფასდეს და ცენტრის სახელით გაეგზავნოს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქოს, მისი თხოვნის პასუხად“.
ცენტრში ასევე აცხადებენ, რომ ცენტრის დირექტორი, რომელიც სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელია, უშუალოდ მონაწილეობდა დასკვნის შემუშავებაში.
სკანდალი გელათის მონასტრის ირგვლივ - ახალი ბრალდებები და კულტურის სამინისტროს პასუხი>>
უფრო ადრე კულტურის სამინისტრომ დაადანაშაულა მეცნიერები, რომ მათ გამო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოები ვერ გრძელდება.
ამ მომენტში სარესტავრაციო სამუშაოები შეჩერებულია, რადგან სამინისტრო ელოდება ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS) და კულტურულ ფასეულობათა შენახვა-რესტავრაციის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCROM) მრჩეველთა ერთობლივი მისიის დასკვნას. მისიის წევრები საქართველოს დეკემბერში სტუმრობდნენ.
მისიამ უნდა შეაფასოს გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსერვაციის საერთო მდგომარეობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021-2022 წლებში ჩატარებული საკონსერვაციო სამუშაოები, წმინდა ღვთისმშობლის ტაძარში კედლის მოხატულობის კონსერვაციისა და რესტავრაციისთვის გამოყენებული მეთოდები და მასალები, ასევე კულტურის სამინისტროს მოწვეულ ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგები.
გელათის რესტავრაცია
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათოლიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და ის მისი განსასვენებელი გახდა. წმინდა ღვთისმშობლის ტაძარში დავით აღმაშენებლის უნიკალური ფრესკაა დაცული.
საქართველოს ხელისუფლებამ ტაძრის გადახურვის სამუშაოები 2017 წელს დაიწყო. პრობლემები ტაძარში 2020 წლის მარტში გამოვლინდა, როდესაც შემოწმებით დადგინდა, რომ კრამიტით გადახურულ აღდგენილ სახურავში წყალი ჟონავდა. წყალმა დააზიანა ფრესკები ტაძრის დასავლეთ ფრთაში.
უნიკალური ფრესკების გადასარჩენად კრამიტი მოხსნეს და ტაძარი დროებითი, თუნუქის სახურავით გადახურეს. 2021 წლის იანვარში ძლიერმა ქარმა დროებითი სახურავის ნაწილი დააზიანა და წყალმა კვლავ დააზიანა ფრესკები.
დროებითი გადახურვის სამუშაოებსაც და სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ჩატარებულ სამუშაოებსაც სპეციალურად ამ მიზნით კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფი ზედამხედველობდა (ძეგლის გადახურვის სპეციალისტები – პროფესორი უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი, კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი და კედლის მხატვრობის სპეციალისტი მარიო პულიერი).
უწყებაში ამტკიცებენ, რომ ამჟამად ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია და კედლის მხატვრობის ჩამოშლაც – შეჩერებული. ამასთან, ოპტიმალურად მიმდინარეობს კედლების შრობის პროცესი მას შემდეგ, რაც იუნესკოს სპეციალისტების რჩევით ტაძრის სახურავის ერთი ნაწილიდან მოიხსნა მოჭიქული კრამიტი და ნესტის აორთქლება ზემოდანაც გახდა შესაძლებელი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს