საქართველოში ფერმერებს საერთო ჯამში 1 მლრდ ლარზე მეტი ოდენობის სესხებს მისცემენ

ბიუჯეტის ზრდის მიზანია ფერმერებისთვის ფინანსური რესურსის შეთავაზება როგორც შეღავათიანი აგროკრედიტის, ასევე აგროლიზინგის კუთხით.
Sputnik
თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. მიმდინარე წელს სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში ქართველ ფერმერებზე დაგეგმილია 10.000-ზე მეტი სესხის გაცემა დაბალი საპროცენტო განაკვეთით, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და ამისათვის ფერმერების დახმარების პროგრამებს ახორციელებს. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტია“, რომელიც ქვეყანაში 2013 წლის მარტიდან ხორციელდება.

„2023 წელს „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით იზრდება და 200 მლნ ლარს შეადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბიუჯეტის ზრდის მიზანია ფერმერებისა და მეწარმეებისთვის წლის განმავლობაში უწყვეტად იყოს ხელმისაწვდომი მეტი ფინანსური რესურსი როგორც შეღავათიანი აგროკრედიტის, ასევე აგროლიზინგის კუთხით.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ ძირითადი მიზნებია სოფლის მეურნეობაში პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება ფერმერებისა და სოფლის მეურნეობით დაკავებული მეწარმეებისთვის – იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.
პროგრამის ფარგლებში 2013 წლიდან 5 მლრდ ლარის ოდენობის 80 ათასამდე სესხია გაცემული.

რა შეიცვალა

პროექტის რეალიზაციის პერიოდიდან მასში შევიდა რამდენიმე ცვლილება, რომელიც დარგში არსებულ მოთხოვნებს პასუხობს.
2022 წლის აგვისტოში მთავრობამ დაამტკიცა ცვლილებები პროექტის რამდენიმე ქვეკომპონენტში.
კერძოდ, „შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის“ ქვეკომპონენტის ფარგლებში შესაძლებელია სესხის თანხით დაფინანსდეს სათბურში დასარგავი კენკროვანი ნერგების და ქოთნების შეძენის ღირებულება, თუ სესხის მიზანია კენკროვანი კულტურების სათბურის მოწყობა.
ქართველი ფერმერები აგროკრედიტით დრონისა და მეტეოსადგურის ყიდვას შეძლებენ >>
სახელმწიფო ფერმერს კრედიტს ოთხი წლის განმავლობაში წლიური 11%-ით უფინანსებს. კრედიტის თანხა 20 ათასიდან 1,5 მლნ ლარამდეა.
პროექტის ქვეკომპონენტის „ახალი მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისათვის“ ფარგლებში ბენეფიციარებს გაუჩნდათ შესაძლებლობა, სესხის თანხა გამოიყენონ მრავალწლიან ბაღებში დამცავი ბადეების მოსაწყობად ან არსებულის სარემონტოდ.
ასევე შესაძლებელი გახდა სესხის თანხით დამხმარე შენობა-ნაგებობის მშენებლობა. „ახალი მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისათვის“ ქვეკომპონენტში წლიური თანადაფინანსების პროცენტი ასევე 11%-ს შეადგენს. სახელმწიფო ფერმერს 66 თვის განმავლობაში უფინანსებს სესხს წლიური 11%-ის ოდენობით. სესხის თანხა 20 ათასიდან 1,5 მლნ ლარამდეა.
პროექტის ქვეკომპონენტში „შეღავათიანი აგროლიზინგი“, რომელიც საწარმოებისა და აღჭურვილობის განვითარებას ემსახურება, შესაძლებელი გახდა ლიზინგით არასტაციონარულ ტექნოლოგიურ ხაზებთან ინტეგრირებული სატრანსპორტო საშუალების შეძენა.
ამ ქვეკომპონენტში წლიური თანადაფინანსების პროცენტი აგრეთვე 11%-ია. სახელმწიფო ფერმერს 36 თვის განმავლობაში უფინანსებს სესხს წლიური 11%-ის ოდენობით. სესხის თანხა აქაც 20 ათასი ლარიდან 1,5 მილიონ ლარამდეა.