თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამნაშავედ ცნეს 22 წლის პროგრამისტის ნიკო კვარაცხელიას განზრახ მკვლელობაში, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის აპრილის შუა რიცხვებში აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამნაშავედ ცნო ნიკო კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში. ჭელიძეს 17 წლით, ხოლო კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ახალგაზრდის დედა იზა ომაძე განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მსჯავრდებულები სხდომას დისტანციურად ესწრებოდნენ.
გამოძიების ვერსიით, კავილაძემ და ჭელიძემ მკვლელობა წინასწარ მოამზადეს: შეიძინეს იარაღი და დაქირავებული მანქანით მივიდნენ სახლთან, სადაც კვარაცხელია ცხოვრობდა. სანამ კავილაძე ავტომობილში ელოდებოდა, ჭელიძე მიუახლოვდა კვარაცხელიას და მას არანაკლებ ათჯერ ესროლა.
ქართულ მასმედიაში გახმაურებული საქმე ახალგაზრდა პროგრამისტის მამას, „კანონიერ ქურდ“ გია კვარაცხელიას დაუკავშირეს. კერძოდ, ე.წ. კანონიერი ქურდის დავით კაკულიას შვილებმა, ვის სიკვდილშიც, მასმედიის ვერსით, გია კვარაცხელიას ერია ხელი, მასზე შურისძიება განიზრახეს.
მანამდე ჭელიძემ სასამართლოზე უარყო, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო, რაზეც მოკლულის ოჯახი საუბრობდა. ამასთან, ჭელიძემ ბრალი ნაწილობრივ აღიარა. მან განაცხადა, რომ ეს არ იყო ჯგუფური მკვლელობა, ისროლა მხოლოდ მან. კავილაძემ კი მხოლოდ ის აღიარა, რომ დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.