თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერია მეტროს 12 სადგურის განახლებას და 10 სადგურში გარკვეული პროექტების განხორციელებას გეგმავს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა გამოყვეს 50 მლნ ევრო სესხი და კიდევ 5 მლნ - გრანტის სახით. სწორედ ამ ფულით იგეგმება მეტროს 12 სადგურის განახლება და პროექტების განხორციელება მეტროს 10 სადგურში.
„წლის ბოლოსკენ პროექტები მზად უნდა იყოს და გამოცხადდება ტენდერები“, – აღნიშნა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე და დასძინა, რომ ტენდერებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ ასევე უცხოური გამოცდილი კომპანიები.
კალაძის თქმით, უცხოური კომპანიების მოწვევის გადაწყვეტილება დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ კომპანიებთან მუშაობის ცუდი გამოცდილებიდან გამომდინარე მიიღეს. მერმა მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ მაგალითი მოიყვანა, სადაც რამდენიმე წლის წინ გაკეთდა რემონტი, თუმცა ჩამოინგრა ჭერი და დაშავდა 14 ადამიანი.
კალაძემ ასევე აღნიშნა სადგურ „გოცირიძის“ განახლების გამოცდილება, რომელიც დღემდე არაა ექსპლუატაციაში შესული. მერის თქმით, საქართველოში კომპანიებს ეშინიათ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება მეტროს სადგურის განახლების სამუშაოებზე.
პრობლემური სადგურები
თბილისის მუნიციპალიტეტს სამშენებლო კომპანიებთან ურთიერთობის ცუდი გამოცდილება დაუგროვდა. მერიამ გაწყვიტა თანამშრომლობა კომპანია „მამისონთან“, რომელმაც სადგურ „გოცირიძეზე“ სარემონტო სამუშაოები ჩაატარა.
სარემონტო სამუშაოები სადგურ „გოცირიძეზე“ დიდი დაგვიანებით დასრულდა, თუმცა გარკვეული პრობლემების გამო დღემდე ვერ ხერხდება მისი ექსპლუატაციაში გაშვება.
კალაძემ აღნიშნა, რომ დეფექტების გამოსწორებაზე თვითონ მერია ზრუნავს, ხოლო თანხას, რომელიც სადგურ „გოცირიძეზე“ დამატებით დაიხარჯება, მერია კომპანია „მამისონისგან“ სასამართლოს გზით მოითხოვს.
კომპანია „მამისონს“, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა, სამუშაოები შეთანხმების გაფორმებიდან 210 დღეში უნდა დაესრულებინა, თუმცა მეტროს სადგური დღემდე არ არის ჩაბარებული.
საჭირო გახდა ბაქნის სრულად შეცვლა, რაც, მართალია, პროექტით არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ სამუშაოების ასეთ დაყოვნებას კომპანიის მხრიდან მერიაში მაინც მიუღებელი უწოდეს.
თბილისის მერიამ სადგურ „გოცირიძის“ საფუძვლიანი რემონტი 2021 წლის დასაწყისში დაიწყო და ამისთვის 3,5 მლნ ლარი გამოყო.
მეტროს სადგური „გოცირიძე" 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და მისი იერსახე ამ დროის განმავლობაში დიდად არ შეცვლილა. მეტროს მშენებლობის ხელმძღვანელის ვიქტორ გოცირიძის სახელი ამ სადგურს, რომელსაც მანამდე „ელექტროდეპო“ ერქვა, 2011 წელს მიენიჭა.
ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზი 40 კილომეტრია, ხოლო მეორე – 17 კმ.