მსოფლიო დღეს

ბორელი: კიევს მაინც შეუძლია მიიღოს დასავლური გამანადგურებლები

Sputnik
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. უკრაინისთვის გამანადგურებელი თვითმფრინავების მიწოდება კვლავაც შეიძლება განხორციელდეს, მიუხედავად დასავლეთის რიგი ქვეყნების, მათ შორის, გერმანიისა და შეერთებული შტატების ამჟამინდელი თავშეკავებული პოზიციისა, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ჟოზეპ ბორელმა.
მისი თქმით, თავიდან კიევისთვის ტანკების მიწოდებაც საკამათო საკითხი იყო, მაგრამ საბოლოოდ ამ თემაზე კონსენსუსის მიღწევა მაინც შესაძლებელი გახდა.
როგორც ბორელი ამბობს, რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის შიშები კიევისთვის დასავლური იარაღის მიწოდების ყოველი ახალი ეტაპის წინ გამოითქმებოდა.
ჟურნალისტების შეკითხვას, ეთანხმება თუ არა თავად გამანადგურებლების შესაძლო მიწოდებას უკრაინისთვის, დიპლომატმა არ უპასუხა.

„ჩემი ამოცანაა მივაღწიო კონსენსუსს“, — ციტირებს dpa ბორელს.

მისი განმარტებით, ასეთ ვითარებაში ამა თუ იმ პოზიციის ღიად დაკავება არ ღირს, რათა საქმეს ხელი არ შეეშალოს.
არაერთი ევროპელი პოლიტიკოსი, უპირველეს ყოვლისა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი, ღიად უჭერს მხარს უკრაინისთვის დასავლური გამანადგურებლების გადაცემას. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უფრო ფრთხილ პოზიციას იკავებენ და არ ჩქარობენ ამგვარი მიწოდების მხარდაჭერას.