თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქვეყნოდ ცნობილმა გამოცემამ Financial Times UK საქართველოს სამთო კურორტების შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
სტატიაში „ღრმა თოვლი, ხინკალი და ჰელი-სკი საქართველოში“ ჟურნალისტმა საიმონ ოსბორნმა საქართველოს სამთო კურორტებზე, გასტრონომიაზე და ადგილობრივ მოსახლეობაზე ისაუბრა.
„მესტია, შუა საუკუნეების მთის ქალაქი, მოთხილამურეების ახალი აღმოჩენილი ადგილი. რომელიც ცნობილია შუა საუკუნეების კოშკებით. ქალაქი, სადაც არაუმეტეს 2000 ადამიანი ცხოვრობს, მდებარეობს სვანეთის რეგიონის ცენტრში, სადაც სვანები ცხოვრობენ. ისინი ამაყად იცავენ უძველეს კულტურას და ენას, და ევროპის ზოგიერთ უმაღლეს მთას“, – წერია სტატიაში.
ავტორის თქმით, მესტია ახალი სათხილამურო კურორტია. აქ სპორტის ამ სახეობას ხის თხილამურებით სწავლობდნენ, რომლებიც მაგრდებოდა ხარის ტყავის საკინძებით.
Financial Times Uk-ს ჟურნალისტმა ქართულ გასტრონომიაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის მოხიბლული დარჩა ადგილობრივი რესტორნებით.
„მესტიის მომხიბლავი მოკირწყლული მთავარი ქუჩა სავსეა რესტორნებით, რომლებიც სტუმრებს ძირითადად ქართულ სამზარეულოს სთავაზობენ, მათ შორისაა მშვენიერი ხინკალი და ხაჭაპური, ყველით სავსე პური", – წერს გამოცემა.
ავტორის თქმით, მესტიის ყველა კუთხეში კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა იგრძნობა. საგუშაგო კოშკები დაცულია და ერთ-ერთი მათგანი, მაჩუბი, აღდგენილია, როგორც პატარა მუზეუმი.
საიმონ ოსბორნი მესტიაში 2022 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებოდა.