თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რეალობას აცდენილია და ამას მისი მომხრეებიც ხვდებიან, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა 31 იანვარს განაცხადა, რომ თუ „ქართული ოცნება“ სააკაშვილს გაათავისუფლებს, პარტია მზადაა დათმოს ადგილები პარლამენტსა და საკრებულოებში.
„ყველაზე დიდი ფრაქციის მქონე პარტია ამბობს, რომ იგი დატოვებს პარლამენტს, საკრებულოებს და ა.შ. ანუ საერთოდ აცდენილია იმისგან, რასაც ჰქვია დემოკრატიული პროცესი, საპარლამენტო პროცესი, რასაც ჰქვია საქართველოს სვლა ევროკავშირის მიმართულებით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მან ასევე კომენტარი გააკეთა ხაბეიშვილის განცხადების შემდეგ პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის გადაწყვეტილებაზე, დატოვოს პარლამენტში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტი.
„ეს არის იმ შიდა დესტრუქციის გაგრძელება, რაც ამ ბოლო თვეების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ხდება. ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის. ეს არის შიდა რადიკალიზაცია, რომელიც იწვევს „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოშლას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ პირველ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი გამარჯვება შიდაპარტიულ არჩევნებში ეკუთვნის მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თავის დროზე დააარსა „ნაციონალური მოძრაობა“. ლევან ხაბეიშვილმა ასევე პირობა დადო, რომ იმ დრომდე არ გაჩერდება, ვიდრე სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნება უზრუნველყოფილი.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მზადაა დაარღვიოს კანონი და არ გამორიცხა სააკაშვილის ძალისმიერი გზით გათავისუფლება. მისი თქმით, საქართველოს რეგიონებში გაიხსნება ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების ოფისები.