თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებული მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, შესაძლოა, სამარცხვინო დასასრულის წინაშე აღმოჩნდეს, მიიჩნევს პოლიტოლოგი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი არჩილ სიხარულიძე.
ამის შესახებ ექსპერტმა განაცხადა პრესკონფერენციაზე „არჩევნების შედეგები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ - რა ბედი ეწევა პარტიას“, რომელიც „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა.
პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მისმა ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა, ამჟამად ქვეყნის პარლამენტის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა.
მანამდე ის მოუწოდებდა „პოზიტიური ცვლილებებისკენ სწრაფი რევოლუციური გზით" და აცხადებდა, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის მზადაა კანონიც კი დაარღვიოს.
არჩევნებზე მისი მთავარი ოპონენტი პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია იყო, რომელიც ზომიერ პოლიტიკას ემხრობოდა.
ვისთვის არის ხელსაყრელი ხაბეიშვილი?
არჩილ სიხარულიძემ პრესკონფერენციაზე სხვა ოპოზიციური პარტიის, „გირჩის“ წარმომადგენლის სიტყვები მოიყვანა.
„როგორც „გირჩში“ თქვეს, ლევან ხაბეიშვილისთვის ხმის მიცემა მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეეძლოთ“, – განაცხადა ექსპერტმა.
პოლიტოლოგი გულისხმობდა, რომ ოპოზიციური პარტიის სათავეში ასეთი „წამგებიანი“ ფიგურა მხოლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლებისთვის შეიძლება იყოს მომგებიანი.
სწორედ ამიტომ, სიხარულიძის თქმით, მელიას არჩევნების შემდეგ პარტია არ დაუტოვებია.
„ალბათ ის ხაბეიშვილის შეცდომას დაელოდება, რომ ისევ თავმჯდომარეობის ახალი შანსი მოიპოვოს“, – მიიჩნევს ექსპერტი. როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, ხაბეიშვილი არის „დამრტყმელი და ჩხუბისთავი“, მაგრამ არამც და არამც „სტრატეგი და მოაზროვნე“ და ამიტომ მისი არჩევა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე არის „გზა მოუსავლეთში“.
სააკაშვილის ფაქტორი
ხაბეიშვილის ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და „ქართული ოცნების“ დამხობაა. სიხარულიძის თქმით, საზოგადოებაში სააკაშვილის ფაქტორით მანიპულირების მცდელობები ძალიან მცდარია, რადგან ექს-პრეზიდენტი „დიდი ხანია არავის აინტერესებს“, ოპოზიცია კი უგულებელყოფს იმ რეალურ პრობლემებს, რომელთა გადაჭრაც ქვეყანას სჭირდება.
„არავითარი ეკონომიკური დღის წესრიგი, არანაირი სოციალური დღის წესრიგი, მხოლოდ რევოლუცია. და რისთვის არის რევოლუცია? არა უკეთესი საზოგადოების ასაშენებლად, არამედ... სააკაშვილის გადასარჩენად", – განაცხადა ექსპერტმა.
პოლიტოლოგმა ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის საავადმყოფოში ყოფნის ამბავი დღითი დღე სულ უფრო კომიკური ხდება.
„რამდენი ხანია „კვდება"? ერთი წელი მაინც, არა? მისი დიაგნოზებით ორი კვირაც ვერ იცოცხლებდა ადამიანი", – განაცხადა სიხარულიძემ.
„რევოლუცია არ იქნება“
ქართული ოპოზიცია 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდასაჭერად კვლავ აქციას გამართავს.
„ვერაფერს გააკეთებენ, ამიტომ ხაბეიშვილი ნახავს, რამდენი ადამიანი გამოვა ქუჩაში 24 თებერვალს. რა თქმა უნდა, ამას არაფერი მოჰყვება, ვფიქრობ, ეს მასაც ესმის“, – აღნიშნა სიხარულიძემ.
ექსპერტის თქმით, ქართულმა ოპოზიციამ უკრაინის ხელისუფლებას ზედმეტის უფლება მისცა, რომ „საქართველოს მიუთითოს, რა გააკეთოს“. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებების მაგალითზე პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ ამ ქვეყნის წარმომადგენლების საქციელი ზოგჯერ „უხეში და თავხედურია“.
ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და უსაფრთხოების რეალური რისკების მომატების შემთხვევაში საელჩო უკრაინის მოქალაქეების საქართველოდან მასობრივი ევაკუაციის საკითხის განხილვას არ გამორიცხავს.
„რა მოხდებოდა სხვა ქვეყანაში? ამ ადამიანს ასეთი განცხადებების შემდეგ დიდი ხნის წინ გაიწვევდნენ. რა მოხდებოდა მკაცრი კანონების მქონე ქვეყანაში? პერსონა ნონ გრატას სტატუსს მიანიჭებდნენ და დაბრუნების უფლების გარეშე გაუშვებდნენ სახლში. იმიტომ რომ ეს არა მხოლოდ არადიპლომატიურია... ეს არის უხეშობა და თავხედობა“, – განაცხადა სიხარულიძემ.
პოლიტოლოგმა ასევე განაცხადა, რომ 2024 წელს „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ ექნება საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი, რადგან ქვეყანაში ადეკვატური ალტერნატივა ამჟამად არ არსებობს.